„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის ასოციაციის თასს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. რალფ რანგნიკის გუნდი „ოლდ ტრაფორდზე“ ჩემპიონშიფის ბინადარ „მიდლსბროსთან“ დამარცხდა.
„წითელ ეშმაკებს“ დაწინაურება მეოცე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი კარს ააცილა. ეს პორტუგალიელის კარიერაში „მანჩესტერის“ მაისურით მეოთხე გაცუდებული პენალტი გამოდგა, პირველი 2008 წლის შემდეგ.
მასპინძლები 5 წუთში მაინც დაწინაურდნენ - ანგარიში ჯეიდონ სანჩომ გახსნა. თუმცა, 64-ე წუთზე მეტ კრუკსმა ანგარიში გათანაბრა და დარჩენილ დროში მანკუნიანელებმა სიტუაციის შეცვლა ვერ მოახერხეს. გოლი აღარც დამატებით დროში გასულა და პენალტების სერია დაინიშნა.
თერთმეტმეტრიანების სერიაში გუნდებმა 8-8 პენალტი შეასრულეს. „მიდლსბრომ“ ყველა გაიტანა, „მანჩესტერმა“ 7, ხოლო ბოლო, გადამწყვეტი პენალტი ენტონი ელანგამ კარს ააცილა და „იუნაიტედი“ თასიდან გავარდა, "ბორო" კი მეოთხედფინალში ითამაშებს.