სამხრეთ კორეის ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. პაულო ბენტუს გუნდმა შესარჩევი ეტაპის მერვე ტურში სირიას სტუმრად 2:0 მოუგო და ყატარის ბილეთებიც გაინაღდა.
A ჯგუფში შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ორი ტურით ადრე სამხრეთ კორეას 20 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, რაც სავსებით საკმარისია მუნდიალზე სათამაშოდ. ლიდერი ირანის ნაკრებია (22 ქულით), რომელმაც წინა ტურში გაინაღდა მუნდიალზე თამაში.
მესამე ადგილისთვის ჯგუფში ჯერ კიდევ ბრძოლაა, არაბეთის გაერთიანებული საამიროები 9 ქულით იკავებს ამ პოზიციას, რაც პლეი-ოფში თამაშის შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეათედ ითამაშებს.
გაცილებით დაძაბული ვითარებაა აზიის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში, სადაც საუდის არაბეთს, იაპონიასა და ავსტრალიას შორის უნდა განაწილდეს სამი ადგილი (ორი მუნდიალზე გამსვლელი და ერთიც პლეი-ოფის). ამ სან ნაკრებს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა. ლიდერი საუდის არაბეთია 19 ქულით, იაპონიას 18 ქულა აქვს, ავსტრალიას - 17.
აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მასპინძელი ყატარის გარდა უკვე მოპოვებული აქვთ ბრაზილიას, არგენტინას, დანიას, სერბეთს, შვეიცარიას, გერმანიას, ნიდერლანდებს, საფრანგეთს, ბელგიას, ხორვატიას, ინგლისს, ესპანეთს, ირანსა და სამხრეთ კორეას.