ფეხბურთი

20:53 | 29.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის იდეალური დებიუტი "ჰალ სიტიში": 17 წუთში 2 გოლი და გამარჯვება "სუონსისთან"

შოთა არველაძეს „ჰალ სიტიში“ დიდებული დებიუტი გამოუვიდა. ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ინგლისის ჩემპიონშიფის 29-ე ტურში „ვეფხვებმა“ საკუთარ მოედანზე „სუონსი სიტი“ 2:0 დაამარცხეს.

მატჩის წინ შოთამ ფანებთან ფოტოები გადაიღო და მას ადგილობრივი პუბლიკა ძალიან თბილად დახვდა. მასპინძლებმა გოლებიც სწრაფად გაიტანეს. მეხუთე წუთზე ტომ ივსმა ფლანგური გადაცემის მერე ერთი შეხებით შეაგდო, ხოლო მე-17 წუთზე ისევ ფლანგიდან (ამჯერად მარჯვნიდან) დაწყებული შეტევა კინ ლუის-პოტერმა დაასრულა - 2:0.

17 წუთში 2:0 ამაზე უკეთესი რა უნდა ყოფილიყო? არც არაფერი. „ჰალმა“ ეს უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა და 48 წლის ქართველი სპეციალისტისთვის ინგლისური თავგადასავალი იდეალურად დაიწყო.

„ჰალ სიტიმ“ ამ გამარჯვებით 32 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა. შოთა არველაძის გუნდი მომდევნო მატჩს 5 თებერვალს, ისევ საკუთარ მოედანზე გამართავს და ამჯერად „პრესტონს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064667