სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 3 ტურიღა რჩება და ჯერ კიდევ გასარკვევია ვინ მოიპოვებს ყატარის საგზურებს.
ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს კარგა ხანია განაღდებული აქვთ მუნდიალზე თამაში, მაგრამ გასარკვევია კიდევ ორი საგზურის მფლობელის ვინაობა და პლუს ამას, მე-5 ადგილოსნის ბედი, რომელიც პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას.
შესარჩევი ციკლის დაწყებამდე კოლუმბიის ნაკრები ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ დიდი ალბათობით მუნდიალზე ვერ გავა. საქმე ისაა, რომ კოლუმბია თამაშს ვერ იგებს, მოგებას ვინ ჩივის და გოლის გატანაც უჭირს - ბოლო 6 მატჩია გოლი არ გაუტანია! კოლუმბიამ ბოლოს 10 სექტემბერს ჩილესთან შეძლო გატანა, როცა 3:1 მოიგო. მას მერე ურუგვაისთან (0:0), ბრაზილიასთან (0:0), ეკვადორთან (0:0), ბრაზილიასთან (0:1), პარაგვაისთან (0:0) და პერუსთან (0:1) უგოლოდ ითამაშა. არადა, დღეს პერუსთან კოლუმბიელებმა კარისკენ 30-ჯერ დაარტყეს, მაგრამ უშედეგოდ.
ზოგადად, 15 მატჩიდან რეინალდო რუედას გუნდმა მხოლოდ 3 მოიგო, ბოლო 10 თამაშიდან კი ერთხელ იმარჯვა (7 ფრე და 2 მარცხი). შედეგად, 17 ქულით მეექვსე ადგილზეა. გოლის გატანის პრობლემა კოლუმბიას ყველაზე მეტად ეტყობა, არადა, ისეთი შემტევები ჰყავს, როგორებიც რადამელ ფალკაო, ხამეს როდრიგესი, ხუან კუადრადო, ლუის მურიელი, ლუის დიასი და დუვან საპატა არიან...
მსოფლიოს ჩემპიონატთან ძალიან ახლოსაა ეკვადორი, რომელიც 24 ქულით მესამე პოზიციაზე დამაჯერებლადაა, შემდეგ მოდის პერუ 20 ქულით, ურუგვაის 19 ქულა აქვს და მეხუთეა, ხოლო შანსი მცირე, მაგრამ ჯერ კიდევ აქვთ ჩილეს (16 ქულა) და ბოლივიას (15). აი, პარაგვაი (13) და ვენესუელა (10) კი ბრძოლას ნამდვილად ჩამოშორებულნი არიან.