ას მეტრზე სპრინტში ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი ლამონტ მარსელ ჯეკობსი ამბობს, რომ სტიმულატორები არც არასდროს გამოუყენებია და არც გამოიყენებს. მისივე თქმით, ოლიმპიადაზე ტრიუმფის შემდეგ, გასული სეზონი ნაადრევად გადაღლის გამო დაასრულა.
ტექსასში დაბადებული, 27 წლის სპრინტერი პირველი იტალიელია, ვინც ოლიმპიადაზე, 100 მეტრზე სპრინტში გაიმარჯვა. მან ასი მეტრი 9.80 წამში გაირბინა და ევროპის რეკორდი გააუმჯობესა. შემდეგ კი 4x100 მეტრზე ესტაფეტაშიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ჯეკობსმა თავიდან სიგრძეზე ხტომით დაიწყო და ასი მეტრი 10 წამზე ნაკლებში, პირველად ტოკიომდე სამი თვით ადრე გაირბინა. სწორედ ამ გარემოების გამო, ხშირად წერენ, რომ ჯეკობსი დოპინგის მომხმარებელია. თავად კი ყოველთვის იმეორებს, რომ წარმატებას გარჯის წყალობით აღწევს.
„ტელეგრაფთან“ საუბრისას ჯეკობსს კითხეს, ოდესმე თუ გამოუყენებია აკრძალული პრეპარატი, რაზეც მან უპასუხა: „ხალხი ფიქრობს, რომ რაც პირზე მოადგებათ, ყველაფერი უნდა თქვან. მაგრამ იმაზე არ ფიქრობენ, რომ ეს ხშირად შეიძლება მტკივნეული იყოს. ეს ჩემთვის მტკივნეულია, რადგან ასე ჩემი გამარჯვებები ეჭვს ქვეშ დგება. არადა, ეს მიღწევები, ბევრი შრომის შედეგია. ისეთი შრომის, როგორიც არავის უნახავს“.
ჯეკობსი, ვისდაც ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ, არსად უასპარეზია, სარბენ ბილიკზე თებერვალში, ბერლინის ტურნირზე დაბრუნდება.