სხვა

13:39 | 8.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ელიან

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა. ზუსტად მეოთხედი საუკუნის წინ თბილისის ჭადრაკის სასახლეში 337 დელეგატმა სეოკ-ის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისს არაერთი საპატიო სტუმარი ეწვევა. მათ შორის უმთავრესი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახია. ის სოკ-ის პრეზიდენტებს შორის პირველია, რომელიც ამავდროულად ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულსაც ფლობს. 1976 წელს მონრეალში, თომას ბახი ფარიკაობაში გაჩემპიონდა.

სოკ-ი ასევე წარმოდგენილი იქნება სხვა მაღალჩინოსნებითაც, რომელთაგან ოლიმპიური სოლიდარობის დირექტორი პერე მირო და კომუნიკაციების უფროის მარკ ადამსი უნდა გამოვყოთ. სულ კი ლოზანის შტაბ-ბინიდან 6 კაცის ჩამოსვლა იგეგმება.

ნიშანდობლივია, რომ მარკიზ ხუან ანტონიო-სამარანჩის შემდეგ, საქართველოს დედაქალაქში, სოკ-ის პრეზიდენტი 16 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ჩამოვა. სეოკ-ის მოწვევით საქართველოს დედაქალაქში ჩამოვა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი, ჩვენი ქვეყნის მეგობარი და ხშირი სტუმარი პატრიკ ჰიკი, ასევე 60-მდე სტუმარი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს 7 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, რომელთა შორის 3 ოლიმპიური ჩემპიონია – სერგეი ბუბკა (უკრაინა), ნიკოლაე ჟურავსკი (მოლდოვა), დიანა გუძინივიჩუტე (ლიტვა). ამ ღირშესანიშნავ თარიღს მოგვილოცავენ ალექსანდრე ჟუკოვი (რუსეთი), ანჯეი კრასნიცკი (პოლონეთი), მარატ სარალინოვი (ყირგიზეთი), ნეინარ სელი (ესტონეთი) და სპიროს კაპრალოსი (საბერძნეთი). საქართველოს დედაქალაქს ეწვევიან თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ეოკ-ის ხელმძღვანელები.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება დსთ-ს, ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს ეოკ-თა რეგიონალური ფორუმი, ხოლო მთავარი ნაწილი კი 10 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

დაგეგმილია სოკ-ისა და ეოკ-ის მაღალჩინოსანთა შეხვედრა ქვეყნის პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილთან და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, სეოკ-ის ოფისში საზეიმოდ გაიხსნება მონუმენტურ-სკულპტურული ექსპოზიცია “ოდა ქართველ ოლიმპიელებს”, გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სეოკ-სა და რუსეთის, უკრაინის, ესტონეთის, ლიტვის, ყირგიზეთის, პოლონეთისა და საბერძნეთის ეოკ-ებთან. ძალზედ საინტერესო უნდა გამოდგეს თომას ბახის შეხვედრა სოკ-ის ქართველ სტიპენდიანტ სპორტსმენებთან.

მოგვიანებით საპატიო სტუმრები, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დაესწრებიან ბავშვთა ნახატების გამოფენას “ჩვენ მომავალი ოლიმპიელები ვართ”, ხოლო კულმინაცია კი რუსთაველის თეატრში შედგება – სეოკ-ის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა წარმოდგენა. ბოლოს კი, დღე თომას ბახისა და პატრიკ ჰიკის საგანგებო პრესკონფერენციით შეჯამდება.

როგორც ხედავთ, განრიგი საკმაოდ გადატვირთულია, ისე როგორც სეოკ-ის 25 წლის იუბილეს ეკადრება.

www.geonoc.org.ge

0.131025