„მილანის“ ნახევარმცველმა ფრანკ კესიემ შესაძლოა კარიერა ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელოს. ესპანური მედიის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელის გადაბირებით „ბარსელონაა“ დაინტერესებული.
კატალონური გრანდის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ კოტ დივუარელის დამატებით ნახევარდაცვის ხაზს გააძლიერებენ. აფრიკელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონის ბოლოს „მილანთან“ კონტრაქტი ეწურება და 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი ხდება, ამიტომაც, ესპანელებს მისი გადაბირება უფასოდ აქვთ განზრახული. ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა.
კესიე და „როსონერი“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე დღემდე ვერ შეთანხმდნენ, რადგან ფრანკი არ არის კმაყოფილი კლუბის მიერ შემოთავაზებული პირობებით. შესაბამისად, ფეხბურთელს ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლა შეეძლება.
მიმდინარე სეზონში კესიემ „მილანის“ მაისურით იტალიის სერია A-ში 16 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ამჟამად ის კოტ დივუარის ეროვნული ნაკრებშია და აფრიკის თასზე თამაშობს.