ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ისაუბრა. როგორც 23 წლის შემტევმა აღნიშნა, კლუბში ყველანაირი პირობაა შექმნილი წარმატების მისაღწევად და დარწმუნებულია, რომ გია ცეცაძეს ხელმძღვანელობით თამაში არ გაუჭირდება.
„ტორპედო ბევრს ნიშნავს ქართული ფეხბურთისთვის. მე შეხება არ მქონია, მაგრამ ვიცი, დიდი გუნდია და სიტუაციაც კარგია. გამიხარდა, რომ აქ ვარ, რადგან ჩემთვის ეს მოტივაციაა. ხელმძღვაელობას წარმატებული პროექტის შექმნა სურს. ეს რასაკვირველია კარგი იქნება კლუბისთვისაც და ქართული ფეხბურთისთვისაც.
გულშემატკივარი უნდა ელოდოს იმას რასაც ელოდებიან, რადგან ყველანაირი პირობაა წარმატებისთვის. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ დადონ ისეთი შედეგი, რაც გულშემატკივარს და ტორპედოს სურს. მთავარი მონდომებაა.
მოტივაცია, რომელ გუნდშიც არის, ის გუნდი ყოველთვის წარმატებული იქნება. მე რასაც ვუყურებ, ყველაფერი კეთდება ფეხბურთელების მხირდან, ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ სასურველი შედეგი დადგეს. აი ეს არის ყველაზე მაგარი საწყისი დიდი მიზნებისთვის საბრძოლველად.
ფეხბურთელების უმრავლესობას კარიერის განმავლობაში ჰქონიათ შეხება გია ცეცაძესთან. ვფიქრობ, არ გაუჭირდება მათ მწვრთნელის მითითებების გაგება. გია მაღალი დონის მწვრთელია, ყველაფერში ვენდობი. მჯერა, მასთან ერთად ყველაფერი ადვილად გასაგები და გასაკეთებელი იქნება. მე პირადად გიაზე ყველაფერი დადებითის თქმა შემიძლია“, - განაცხადა არაბიძემ.
შეგახსენებთ, გიორგი არაბიძემ გასული სეზონი „სამტრედიაში“ გაატარა და 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე მან „ნასიონალში“, თურქულ „ადანასპორში“, „შახტარსა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშა, ხოლო საქართველოს ნაკრებში კი 4 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.