ფეხბურთი

15:12 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ზორან მარუშიჩის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო

"დინამო თბილისმა" სერბი ფეხბურთელის, ზორან მარუშიჩის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო. როგორც საქართველოს ვიცე-ჩემპიონის გუნდის ვებ-გვერდზე წერია, ფეხბურთელმა კლუბთან შეთანხმების გარეშე "დინამოსთან" არსებული ხელშეკრულება დაარღვია და კარიერის უცხოეთში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. გარდა დადებული კონტრაქტისა, დაარღვია ფიფას საერთაშორისო სამართლის ნორმები.

„დინამო თბილისმა ზორან მარუშიჩთან 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში გააქტიურა კონტრაქტის შესაბამისი პუნქტი, რომლის მიხედვითაც მხარეებს შორის კონტრაქტი ავტომატურად, 2022 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დინამო თბილისმა შესაბამისი ღონისძიების გატარება უკვე დაიწყო.“ - განაცხადა დინამო თბილისის სპორტულმა დირექტორმა, ალექსანდრე რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზორან მარუშიჩი უზბეკურ "ნავბაჰორში" გადავიდა, გასულ სეზონში კი დედაქალაქური გუნდის შემადგენლობაში 36 შეხვედრა ჩაატარა და 16 გოლის გატანა მოახერხა. ამ მაჩვენებლით ის ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა, ასევე დასახელდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად. საქართველოს ჩემპიონატის გარდა, მან "დინამოს" მაისური 6 შეხვედრაში მოირგო და 2 გოლი მიითვალა.

0.11646