„ფერარიმ“ და „მაკლარენმა“ ახალი სარბოლო ავტომობილების ჩვენების დღე დანიშნეს.
იტალიური გუნდი SF21-ის შემცვლელს 17 თებერვალს გვიჩვენებს, წინასასეზონო ტესტების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე. „ფერარის“ ჯერ არ გამოუქვეყნებია ახალი ავტომობილის სახელი. მარანელოელები იმედოვნებენ, რომ ამ ავტომობილით, ისინი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დაბრუნდებიან.
„მაკლარენის“ პრემიერა რამდენიმე დღით ადრე, 11 თებერვალს დაინიშნა. ფორმულა 1-ის ახალი სარბოლო მანქანის გარდა, უოკინგში ასევე წარადგენენ ინდიქარ-ის, იქსტრიმ E-ს და „მაკლარენ შედოუ“ ესპორტსის პროგრამებს.
2022 წელს „ფერარის“ 75 წელი უსრულდება და ამასთან დაკავშირებით, კომპანიამ სპეციალური ლოგო შეიმუშავა. ლოგო სიმბოლურად, ენცო ფერარის მიერ მარანელოში პირველი საწარმოს გახსნას უკავშირდება.
ამგვარად, ახალი მანქანის წარდგენის თარიღი უკვე სამმა გუნდმა გამოაქვეყნა. პირველმა ეს „ასტონ მარტინმა“ გააკეთა, რომელიც პრემიერას 10 თებერვალს გამართავს.