კალათბურთი

11:03 | 17.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას ტურის MVP გახდა (+VIDEO)

„ლენოვო ტენერიფეს“ ცენტრი გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას მე-11 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა კალათბურთელმა ეს ჯილდო კარიერაში მე-13-ედ მიიღო.

ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტური ჯერ კიდევ გასული წლის 20 ნოემბერს გაიმართა, მაგრამ „ბრეოგანისა“ და „ჟუვენტუტ ბადალონას“ გადადებული მატჩი მხოლოდ ახლახან გაიმართა, ამიტომაც, ტურის MVP მხოლოდ ახლაღა გამოვლინდა.

შერმადინმა მე-11 ტურში „გრან კანარიასთან“ 22 წუთში 25 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი, არათუ მატჩში, არამედ მთლიანად ტურში ყველაზე მაღალი გამოდგა - 41. მან 7-დან 7 ორქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, მასზე მეტოქეები 10-ჯერ დაჯარიმდნენ და საგულისხმოა, რომ როცა გიორგი პარკეტზე იყო მის გუნდს +14 დაუფიქსირდა, ხოლო როცა ქართველი ცენტრი ისვენებდა (17:16 წუთი) „ტენერიფეს“ -5 ჰქონდა ქულებში ჩამორჩენა.

აქვე გეტყვით, რომ „ლენოვო ტენერიფე“ 8 მოგებით და 6 წაგებით ლიგა ენდესაში მერვე ადგილზეა.

0.11892