ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი ევროპის ჩეპიონატზე სპორტულ წყვილებს შორის, სადაც მონაწილობდა 14 ქვეყნის 21 წყვილი, მათ შორის ქართველი მოციგურავეები კარინა საფინა და ლუკა ბერულავა, რომლებისთვისაც ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა სადებიუტო იყო.
ქართულმა წყვილმა საკმაოდ საინტერესო პროგრამები წარმოადგინა, ღირსეულად იასპარეზა და მაღალი კონკურენციის პირობებში 184,05 ქულით მე-4 ადგილის დაკავება შეძლო, რაც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიისთვის სპორტულ წყვილებს შორის ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგია.
მე-4 ადგილი კი თავის მხრივ მომავალ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ორი სპორტული წყვილის წარდგენის უფლებას ანიჭებს. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ქართველმა მოციგურავეებმა პოზიციები მხოლოდ იმ 3 რუს სპორტულ წყვილს დაუთმეს, რომლებიც სხვადასხვა წლებში ევროპის, მსოფლიოსა და რუსეთის მოქმედი ჩემპიონები იყვნენ, ამიტომ კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას ეს შედეგი ნამდვილად შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს და იმედის მომცემი პროგნოზი აღმოჩნდეს 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ.