ჩოგბურთი

14:23 | 12.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ ინტერვიუ კოვიდინფიცირებულმა ჩაწერა და პატიმრობა ემუქრება

მსოფლიოს ნომერმა პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და აღიარა, რომ 18 დეკემბერს, ფრანგულ გამოცემა L’Equipe-ს ინტერვიუ მაშინ მისცა, როცა კოვიდინფიცირებული იყო.

„ნოლე“ აღიარებს შეცდომას, მაგრამ აღნიშნა, რომ სოციალურ დისტანციას იცავდა და შეცდომა მხოლოდ ინტერვიუს შემდეგ გააცნობიერა.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვცდილობდი ყველას უსაფრთხოებაზე მეზრუნა და ტესტები დროულად ჩავაბარე. 14 დეკემბერს, ბელგრადში კალათბურთის თამაშს დავესწარი, რის შედეგადაც გახდა ცნობილი, რომ რამდენიმე ადამიანს, რომელთანაც კონტაქტი მქონდა, კორონავირუსი დაუდასტურდათ. მიუხედავად სიმპტომების არარსებობისა, 16 დეკემბერს გავიკეთე ანტიგენის ტესტი, რომელიც უარყოფითი იყო. უსაფრთხოების მიზნით იმავე დღეს PCR ტესტი გავიკეთე.

მეორე დღეს ბელგრადში ჩოგბურთის ღონისძიებას დავესწარი ბავშვებისთვის ჯილდოს გადასაცემად. მე არ მქონია არანაირი სიმპტომი და კარგად ვიყავი, ამ მოვლენამდე არ მიმიღია დადებითი პასუხი PCR ტესტზე. მეორე დღეს, 18 დეკემბერს, ვიყავი ჩემს საჩოგბურთო ცენტრში ბელგრადში, რომ დიდი ხნის ვალდებულება შემესრულებინა და L’Equipe-სთვის ინტერვიუ მიმეცა. ინტერვიუს გარდა, ყველა სხვა აქტივობა გავაუქმე.

თავს ვალდებულად ვგრძნობდი წავსულიყავი და ინტერვიუ მიმეცა, რადგან არ მინდოდა გულგრილობაში ჩამთვლოდა, მაგრამ ვიცავდი სიციალურ დისტანციას და ნიღაბი მეკეთა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფოტო გადამიღეს. ინტერვიუს შემდეგ სახლში მივედი და გარკვეული პერიოდი იზოლირებული ვიყავი. მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს შეცდომი იყო და გეთანხმებით, რომ ინტერვიუ უნდა გადამედო“, - წერს ჯოკოვიჩი და იმ ფაქტზეც გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, ავსტრალიაში გამგზავრების წინ საბუთებში ჩაწერა, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში სერბეთის გარდა, სხვა ქვეყანაში არ ყოფილა, რაც სიცრუე აღმოჩნდა:

„ჩემი აგენტი გულწრფელად ბოდიშს იხდის ადმინისტრაციული შეცდომისთვის, რომელიც ავსტრალიაში არასწორად შევავსეთ. ეს იყო ადამიანური ფაქტორი და რა თქმა უნდა, უნებლიე შეცდომა. ჩვენ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, გლობალური პანდემიის პირობებში და ზოგჯერ ასეთი შეცდომები შეიძლება დავუშვათ. დღეს ჩემმა გუნდმა ავსტრალიის მთავრობას ამ საკითხის გასარკვევად დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. ამ თემაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ ავსტრალიის მთავრობისა და მიმდინარე პროცესის პატივისცემის გამო. ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში ყოველთვის პატივი და პრივილეგიაა, ის უყვართ მოთამაშეებს, გულშემატკივრებს, არა მხოლოდ ავსტრალიაში, არამედ მთელ მსოფლიოში და მე უბრალოდ მინდა, შევძლო შევეჯიბრო მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს და ვითამაშო ერთ-ერთი საუკეთესო აუდიტორიის წინაშე“, - დაწერა მან.

აღსანიშნავია, რომ Mirror-ის ცნობით, ჯოკოვიჩს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება თუ მართლაც დადასტურდა, რომ კოვიდინფიცირებული იყო. ჯანდაცვის წესების შეუსრულებლობა ითვალისწინებს მინიმუმ 3 წლით თავისუფლების აღკვეთას და ავსტრალიის სასაზღვრო ძალები ჯოკოვიჩის განცხადების შემდეგ საქმის ძიებას შეუდგნენ.

0.116281