ბოლო დროს NBA-ს მოქმედი ცუდ ფორმაშია და მაშინ როდესაც ზედიზედ 6 მოგებით იწონებდა თავს, ახლა უკანასკნელ 5 მატჩში, 4 მარცხი განიცადა. გამთენიას „მილუოკი ბაქსი“ კვლავ „შარლოტ ჰორნეტსს“ სტუმრად დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 4-ქულიანი სხვაობით - 103:99 წააგო. აღსანიშნავია, რომ „ბაქსმა“ 2 დღესში „ჰორნეტსის“ წინააღმდეგ მეორე შეხვედრა ჩაატარა და ორივე დათმო.
თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ მეოთხედში 9 ქულით წინ მასპინძლები გაიჭრნენ, თუმცა მაიკ ბუდენჰოლცერის მომზადებულმა გუნდმა პირველი ტაიმი 1 ქულით მოიგო. გადამწყვეტი მესამე პერიოდი გახდა, როდესაც „ჰორნეტსმა“ მეტოქეს 10-ქულით აჯობა, დასკვნით პერიოდში კი იანის ანტეტოკუმპომ და კამპანიამ მხოლოდ 5 ქულის გაქვითვა მოახერხეს და ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმეს.
„ბაქსს“ ამ თამაშში 4 ტრავმირებული კალათბურთელი ვერ ეხმარებოდა: გრეისონ ალენი, ჯორჯ ჰილი, ჯრუ ჰოლიდეი და ბრუკ ლოპეზი, ხოლო მეტოქეს მხოლოდ ვერნონ კერი აკლდა.
დღესაც ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა. 22 წლის შემტევმა პარკეტზე 11:13 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება გამოიმუშავა. მამუკელაშვილმა 4 სროლიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა. მან 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა. მისი +- მაჩვენებელი -14 იყო, ხოლო პერსონალური ფოლი არ მიუღია.
მარცხის მიუხედავად, საუკეთესო „მილუოკის“ შემტევი კრის მიდლტონი იყო. 30 წლის ამერიკელმა 36:46 წუთში 27 ქულით, 7 მოხსნით და 11 პასით ორმაგი დუბლი მიითვალა. „ბაქსიდან“ მეორე შედეგი იანის ანტეტოკუუმპოს ჰქონდა. ბერძენმა კალათბურთელმა 26 ქულას, 13 მოხსნა და 8 პასი დაამატა და ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა.
გამარჯვებულთაგან კი საუკეთესო ტერი როზიე იყო. მან საკუტარ გუნდს 27 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 4 პასი შესძინა და გუნდის მოგებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. ლამელო ბოლს კი აქტივში 23 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი ჰადაცემა ჰქონდა. 17 ქულით, 11 მოხსნითა და 2 პასით მაილს ბრიჯისმა ორმაგი დუბლი შეასრულა.
„მილუოკი ბაქსს“ 26 მოგების წილ 17 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი 14 იანვარს „გოლდენ სტეიტ უორიორზთან“ ჩაატარებს. ხოლო „ჰორნეტსი“ 22 გამარჯვებითა და 19 წაგებით მე-8 პოზიციას იკავებს. 13 იანვარს კი სტუმრად „პილადელფიას“ შეხვდება.