სხვა

2:27 | 5.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზაგრების სლალომში ვლჰოვამ შიფრინი დაამარცხა

ზაგრებში (ხორვატია) ქალ სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის სლალომის რბოლა გაიმართა, რომელიც სლოვაკმა პეტრა ვლჰოვამ მოიგო. მან დაძაბულ პაექრობაში აჯობა კოვიდის მკურნალობის შემდეგ დაბრუნებულ ამერიკელ მიკაელა შიფრინს და მას 47-ე სლალომის მოგების შანსი საშუალება არ მისცა.

შიფრინს რომ მოეგო, ის იქნებოდა პირველი, ვინც მსოფლიო თასზე, რომელიმე სახეობაში ამდენ რბოლას მოიგებდა. ამჟამად ის რეკორდს (46 მოგება) ლეგენდარულ შვედ ინგემარ სტენმარკთან იყოფს, ვისაც 46 გიგანტური სლალომი აქვს მოგებული.

ვლჰოვა პირველივე ცდის შემდეგ დაწინაურდა. მან მეორე ცდაც უნაკლოდ შეასრულა და საბოლოოდ, შიფრინს დაახლოებით ნახევარი წამით აჯობა. ამგვარად, მიმდინარე სეზონში გამართული ხუთი სლალომიდან, მას ოთხი მოგებული აქვს

რბოლა თბილ ამინდში ჩატარდა, რის გამოც, თოვლი ინტენსიურად დნებოდა. ამასთან, ძლიერი ქარიც ქროდა, რის გამოც, ორგანიზატორები იძულებულნი იყვნენ, ფინიშის ბანერი მოეხსნათ.

„ბევრ გოგოს გასასვლელებში პრობლემები ჰქონდა და ამიტომ ვეცადე, რომ სუფთად მესრიალა. ამინდის გამო, ძალიან რთული რბოლა გამოვიდა. ზაგრების ტრასა საკმაოდ გრძელიცაა, რის გამოც, ბოლოსკენ სუნთქვა ძნელდება“, - განაცხადა გამარჯვებულმა, ვინც სლალომის ჩათვლაში 480 ქულით ლიდერობს და 140 ქულას უგებს მეორეზე მყოფ შიფრინს. სამაგიეროდ, ამერიკელი აბსოლუტურშია ლიდერი. მას 830 ქულა აქვს და მეორეზე მყოფ ვლჰოვას 115 ქულას უგებს. მესამეზე იტალიელი სოფია გოჯაა.

ზაგრების რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა ავსტრიელმა კატარინა ლინსბერგერმა, ვინც პირველი ცდის შემდეგ მეხუთე ადგილზე იყო და ლიდერ ვლჰოვას 2.11 წამით ჩამორჩებოდა.

მომდევნო რბოლებს სლოვენიის კრანისკა გორა უმასპინძლებს, სადაც შაბათს გიგანტური სლალომი, კვირას კი სლალომი გაიმართება.

0.126419