ფეხბურთი

22:59 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ერიქსენი: "5 წუთი მკვდარი ვიყავი, მაგრამ ჩემი მიზანი ყატარში, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია"

დანიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ერიქსენმა განაცხადა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თამაში სურს. როგორც მან დანიურ ტელევიზია DR1-თან ინტერვიუში აღნიშნა, მისი გული დაბრკოლება არ არის და დაამტკიცებს, რომ ეროვნულ ნაკრებში მაღალ დონეზე თამაში ისევ შეუძლია.

„საავადმყოფოში გამუდმებით მეუბნებოდნენ, რომ ყვავილებზე ყვავილებს ვიღებდი, უცნაური იყო, რადგან არ ველოდი, რომ ხალხი ყვავილებს გამომიგზავნიდა. 5 წუთის განმავლობაში მკვდარი ვიყავი. თუმცა, ხალხის ეს ჟესტი არაჩვეულებრივი იყო, ძალიან დამეხმარა.

ჩემი მიზანია ყატარში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშო. მინდა, ვითამაშო. ეს არის მიზანი, ოცნება. გამომიძახებენ თუ არა, სხვა საქმეა, მაგრამ ჩემი ოცნებაა დაბრუნება. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებ, იმიტომ, რომ თავს განსხვავებულად არ ვგრძნობ. ფიზიკურად ფორმაში დავბრუნდი. ფეხბურთს ვითამაშებ და დავამტკიცებ, რომ ისევ იმ დონეს დავუბრუნდი, რომელზეც ადრე ვიყავი. ვაჩვენებ, რომ ეს ერთი ეპიზოდი იყო და აღარ განმეორდება, რომელიც გადავლახე და ისევ შევძლებ ნაკრებში თამაშს. მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ჩემი გული დაბრკოლება არ არის“, - თქვა ერიქსენმა.

შეგახსენებთ, კრისტიან ერიქსენმა გულის შეტევა 12 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე, დანია-ფინეთის შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. ამჟამად დანიელი ნახევარმცველი უკლუბოდაა და ინდივიდუალურად ემზადება.

0.114243