წყალტუბოს „სამგურალი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად მუშაობს და კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. იმერული გუნდის ღირსებას მომდევნო სეზონში მამია გავაშელიშვილი დაიცავს.
26 წლის ფორვარდმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. ის „სამგურალის“ მესამე ახალწვეულია ჯეფერსონ ჯერალდოსა და ლევან შოვნაძის შემდეგ. მანამდე წყალტუბოელებმა მწვრთნელიც შეიცვალეს - სოსო ფრუიძის ადგილი გიორგი მიქაძემ დაიკავა.
მამია გავაშელიშვილის კარიერა „ტორპედოში“ დაიწყო, საიდანაც „ლოკომოტივში“ გადავიდა და იქ 2013 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში მან ეროვნულ ლიგაში 35 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.