ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და “სან პაულოს” შემტევი რიკარდო კაკა კარიერის დასრულების შემდეგ რომელიმე გუნდის ადმინისტრაციაში მუშაობას აპირებს. 32 წლის ფეხბურთელის განცხადებით, მას მწვრთნელის როლი არ ხიბლავს.
“კარიერა ახლა, რომ დამესრულებინა, არ მოვისურვებდი მწვრთნელობას ან ასისტენტობას. უპირატესობას უფრო ადმინისტრაციაში მუშაობას ვანიჭებ, მაგალითად გენერალური დირექტორი ან მსგავსი პოზიცია. მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი 3-4 წლის შემდეგ რას გადავწყვეტ.” - განაცხადა კაკამ.
ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგი საფეხბურთო კარიერას 35 ან 36 წლის ასაკში დაასრულებს. “ორლანდო სიტის” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი ბრაზილიურ კლუბში ამა წლის 31 დეკემბრამდეა განათხოვრებული. კაკა 2015 წლიდან MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ბრაზილიელი წელიწადში 7 167 500 დოლარს მიიღებს.