ფეხბურთი

13:00 | 30.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ ალვარო მორატას ტრანსფერი მოითხოვა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი ალვარო მორატა შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას As-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ტრანსფერით კატალონელთა მთავარი მწვრთნელი ჩავია დაინტერესებული და ესპანელ ფორვარდთან პირადი კონტაქტიც ჰქონდა. თუმცა, კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ გამართულა. ჩავის მორატას გადაბირება იანვარშივე სურს, მაგრამ ოპერაცია ადვილი არ იქნება, რადგან იტალიურ გრანდს თავდასხმაში ისედაც პრობლემები აქვს და მორატას გაშვების შემთხვევაში მისი შემცვლელის დაუყოვნებლივ პოვნა მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ მორატა „იუვენტუსში“ იჯარით თამაშობს და „ატლეტიკოს“ საკუთრებაა. „იუვემ“ მის სანაცვლოდ ზაფხულში 35 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს თუ ფეხბურთელის შენარჩუნებას გადაწყვეტს, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, ტურინელებს თავდასხმაში სხვა გეგმები აქვთ და ალვარო სავარაუდოდ ზაფხულში ესპანეთში დაბრუნდება.

მიმდინარე სეზონში მორატამ ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა, გასულ სეზონში კი 44 შეხვედრაში თავი 20-ჯერ გამოიჩინა. ესპანელი თავდამსხმელი "რეალის" აკადემიის აღზრდილია და "სამეფო კლუბის" მთავარ გუნდშიც უთამაშია. მის კარიერაში 2017-2019 წლებში ასევე იყო ლონდონის "ჩელსიც", სადაც მოლოდინი ვერ გაამართლა და ინგლისი დატოვა.

0.114966