ფეხბურთი

16:20 | 29.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ქართველის გოლი ჩემს გუნდთანაც გამიხარდება, შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება იყო"
"კაჭარავას მოვუბოდიშე, მაგრამ მითხრა, რომ საბოდიშო არაფერი გამიკეთებია"

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ნიკა კაჭარავას კონტრაქტი გაუწყვიტა, რისი მიზეზიც ვიდეო გახდა, რომელიც სოციალურ ქსელში გურამ კაშიამ გამოაქვეყნა.

კაშია „აპოელის“ თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას გოლს ემოციურად ზეიმობდა, რაზეც კაჭარავას გაეცინა, თუმცა სწორედ ეს გამოდგა „ანორთოსისის“ ფანების აღშფოთების მიზეზი და მათ ფეხბურთელის გუნდიდან გაშვება მოითხოვეს. კლუბმა გულშემატკივრების პროტესტი დააკმაყოფილა და ნიკას კონტრაქტი გაუწყვიტა.

ამ საკითხთან დაკავშირებით კვიპროსული ვებგვერდი Kerkida.net-ი გურამ კაშიას გაესაუბრა, რომელმაც მომხდარი ინციდენტის შესახებ დეტალურად ისაუბრა. გურამმა თქვა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს და კაჭარავას მოუბოდიშა კიდეც.

- გვითხარით ცოტა მეტი GSP სტადიონზე მომხდარი ინციდენტის შესახებ...

- პირველ რიგში მადლობა, რომ საუბრის საშუალება მომეცით. ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად იცით ჩემი კარიერის შესახებ, ვთამაშობდი ნიდერლანდებში, აშშ-სა და ახლა ბრატისლავაში ვარ, საქართველოს ნაკრებში 90-ზე მეტი მატჩი მაქვს ჩატარებული. ფეხბურთი მიყვარს და როცა არ ვთამაშობ, ბევრ თამაშს ვუყურებ, განსაკუთრებით იმ გუნდების, რომლებშიც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ. მე განსაკუთრებით მხარს ვუჭერ საქართველოს ნაკრებში ჩემს თანაგუნდელებს, როცა ისინი თავიანთ გუნდებში თამაშობენ და როცა დრო და შესაძლებლობა მაქვს, ევროპაში დავდივარ მათი თამაშების საყურებლად. ასე რომ, „აპოელი“ – „ომონიასაც“ ამიტომ დავესწარი, რადგან „აპოელში“ სამი ქართველი თამაშობს. ჩემს თანაგუნდელებს საქართველოს ნაკრებიდან ვთხოვე თამაშზე წამოსვლა და კაჭარავა ერთ-ერთი იყო, ვისაც თავისუფალი დრო ჰქონდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ერთად წავსულიყავით საყურებლად. უნდა ითქვას, რომ პირველად ვუყურე კვიპროსის ჩემპიონატის მატჩს სტადიონიდან და ორივე გუნდმა, ტრიბუნებზე შექმნილმა ატმოსფერომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სანახაობრივი თამაში იყო, 6 გოლი გავიდა და განსაკუთრებით გამიხარდა ქვილითაიას გოლი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის გამარჯვებაში.

თუ ჩემს სოციალურ ქსელებს თვალს ადევნებთ, დაინახავთ, რომ ხშირად ვიყენებ მას ჩემი გრძნობებისა და აზრების გამოსახატად, სწორედ ეს გავაკეთე ამ თამაშზეც. ასე, რომ ჩემს ერთ-ერთ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ვზეიმობ ქვილითაიას გოლს და კაჭარავას ეცინება ჩემს აღნიშვნაზე, რადგან ეს ბავშვივით გავაკეთე. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და გიჟური აღნიშვნა მიყვარს, როცა თანაგუნდელი გოლს იტანს. შესაბამისად, კაჭარავას გაეცინა. ნიკას მთელი თამაში პირბადე ეკეთა და მხოლოდ ამ დროის მოიხსნა.

ძალიან დიდ მწუხარებას და ამავე დროს დანაშაულს ვგრძნობ იმის გამო, რაც კაჭარავას დაემართა. ჩემთვის ძალიან შოკისმომგვრელი იყო, რომ ასეთი პატარა რაღაცა, ასე სერიოზულად გადაიქცა და მისი გუნდიდან გაშვება გამოიწვია. მესმის, რატომ გამოეხმაურნენ ასე და განაწყენდნენ „ანორთოსისის“ ფანები, რადგან ერთი შეხედვით ალბათ სჯერათ, რომ ვიდეოში სხვა რამ მოხდა, ვიდრე სინამდვილეში მოხდა.

რაღაც მსგავსი წარსულში მეც დამემართა, როცა საქართველოს ნაკრებიდან გულშემატკივარი ინტერნეტის მეშვეობით ჩემს გაშვებას მოითხოვდა. ასობით ადამიანი ითხოვდა ამას, მაგრამ ყველა ჩემი თანაგუნდელი და ფეხბურთის ფედერაცია გვერდით დამცავი ფარივით მედგა. ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ საბოლოოდ, ეროვნულ ნაკრებში დავრჩი. ასე რომ, გამიკვირდა, ასეთი მცირე რაღაცის გამო ის გუნდიდან გაუშვეს და ამან კლუბზე გავლენა მოახდინა.

ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალე ამ ინტერვიუს მოცემა, რადგან დიდ მწუხარებს ვგრძნობ და ამავდროულად, ამბავში მთავარ დამნაშავედ. იმედი მქონდა, რომ „ანორთოსისის“ გადაწყვეტილება სხვაგვარი იქნებოდა, მაგრამ საბოლოოდ, გუნდიდან გაუშვეს და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. როცა ყველაფერს მივხვდი, ვიდეო მაშინვე წავშალე, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მართლა, ის უბრალოდ მძაფრი ემოციების გამო იღიმოდა.

მაშინაც კი, თუ მეტოქეები ვართ მოედანზე, ქართველმა ჩემი გუნდის კარში გოლი გაიტანოს, ბედნიერი ვიქნები. არ ვიტყვი, რომ მის გოლს ვიზეიმებ, მაგრამ ძალიან გამიხარდება თუ ქართველი გაიტანა. ჩვენ ქართველები ვართ, ვხარობთ ერთმანეთის წარმატებებით. შესაბამისად, ქვილითაიას გოლი ჩემთვის სიხარულის მიზეზი იყო, თუმცა, ვიმეორებ, კაჭარავა არ ზეიმობდა, ის უბრალოდ ჩემზე იღიმოდა. მას არაფერი დაუშავებია და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. ინციდენტიდან რამდენიმე საათში ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რაც კლუბმა მიიღო, ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია.

- როგორ ფიქრობთ, შეეძლო „ანორთოსისს“ სიტუაციაციის უკეთ მართვა?

- მე არ შემიძლია იმის თქმა, სწორი იყო თუ არა კლუბის გადაწყვეტილება და მართალი გითხრათ, მათ უკეთ იციან, რა უნდა გააკეთონ. არ მინდა დავადანაშაულო ან გუნდზე რაიმე უარყოფითი ვთქვა, ჩემი თანამემამულეებისგან ვიცი, რომ „ანორთოსისსთან“ არანაირი პრეტენზია არ აქვთ. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ხალხის რეაქციიდან გამომდინარე მათ უკეთ იციან, რა იქნება ზოგადად გუნდისთვის სწორი. ვიცი, რომ კლუბი ძალიან კარგად ექცევა საქართველოდან ჩამოსულ ფეხბურთელებს. უბრალოდ, ძალიან შოკირებული ვიყავი იმით, თუ როგორ სწრაფად მოხდა ყველაფერი, კაჭარავამ იმავე ღამეს საჯაროდ ბოდიში მოიხადა, მაგრამ დღის ბოლოს გუნდიდან გაუშვეს.

მეორე დღეს გავიგე ახალი ამბავი, რომელიც მთელ საქართველოში გავრცელდა და ვიგრძენი, რომ მომხდარში დამნაშავე ვიყავი. წარმოიდგინეთ, რა ცუდად ვგრძნობდი თავს ვიდეოს გამო, რომელშიც ნამდვილად არ მიფიქრია, რომ რაიმე ცუდი იქნებოდა. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ისე, რომ კაჭარავასაც რეაგირებისთვის დრო არ ჰქონია.

- რა უთხარით კაჭარავას პირველი, როცა ეს ყველაფერი გაიგეთ და მან რა გითხრათ?

- თავიდან ბოდიში მოვუხადე და ავუხსენი, რომ მომხდარის გამო თავს ცუდად ვგრძნობდი. ჩვენ ოჯახის მეგობრები ვართ, ჩვენი ოჯახები ერთმანეთს კარგად იცნობენ, რადგან ბავშვობაში მამამისი ჩემი მწვრთნელი იყო. ნიკა არ მადანაშაულებს მომხდარში, რადგან ფიქრობს, რომ მან უბრალოდ გაიღიმა და მისი რეაქცია არასწორად გაიგეს, ვიდრე რეალობაში იყო. მან ჩემი ბოდიში არ მიიღო და მითხრა, რომ ისეთი არაფერი გამიკეთებია, ბოდიში რომ მოვუხადო. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, რადგან ვიდეოს მიზანი იყო ერთმანეთის მხარდაჭერის ჩვენება და საბოლოოდ კაჭარავასთვის ძალიან განსხვავებულად და დიდი უარყოფითი შედეგის მომტანად გადაიქცა, ძალიან სამწუხაროა.

- ვხედავთ, რომ ქართველებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობაა. რა არის ამის მიზეზი?

- დიახ, რასაც ამბობთ, სიმართლეა. ჩვენ გვიხარია ერთმანეთის წარმატებები, განსაკუთრებით სპორტის სფეროში. ვფიქრობ, ეს დიდწილად ჩვენი მენტალიტეტით და იმით არის განპირობებული, რომ პატრიოტები ვართ. გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ვამაყობთ ჩვენი თანამემამულეების მიღწევებით. სადაც არ უნდა წავიდეთ, ხაზს ვუსვამთ, რომ ქართველები ვართ. ისიც მახსოვს, რომ როცა „ანორთოსისმა“ თასი მოიგო, ქართველებს ხელში საქართველოს დროშა ეჭირათ. როცა ქართველი ფეხბურთელები წარმატებას აღწევენ, ერთმანეთს მისალოც მესიჯებს ვუგზავნით. ეს ჩვენს კულტურაში ღრმად ფესვგადგმულია. ჩვენ გვიხარია ერთმანეთს წარმატებები, ასე გავიზარდეთ და ამიტომ, გამიკვირდა ქვილითაიას გოლზე გაჩენილი ხმაური. ჩვენი თანამემამულის გოლი უფრო გვიხარია, ვიდრე ჩვენი გუნდის გოლი ან თავად გუნდის წარმატება.

- დროდადრო ისმის, რომ კვიპროსული გუნდები თქვენით ინტერესდებიან, რა ხდება რეალურად?

- დიახ, მართალია, როცა აშშ-დან წამოსვლის შემდეგ თავისუფალი ვიყავი, ზოგიერთ გუნდთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი. სიტყვიერი შეთანხმებაც მიღწეული იყო, მაგრამ საბოლოოდ კონტრაქტი არ გაფორმებულა. მირჩევნია არ ვთქვა რომელი გუნდი იყო, რადგან ვფიქრობ, ეს არაპროფესიონალური საქციელი იქნება.

- ფიქრობთ, რომ კვიპროსის ჩემპიონატი ქართველი ფეხბურთელების სტილს ერგება?

- მართალი გითხრათ, აქამდე წარმოდგენა არ მქონდა ლიგის დონის შესახებ, რადგან „ანორთოსისი“ – „ოლიმპიაკოსის“ თასის ფინალის გარდა, სხვა მატჩები არ მინახავს, ახლახან ვნახე „აპოელი“ – „ომონიაც“. ვფიქრობ, ეს თემურ ქეცბაიას დამსახურებაცაა, რომელმაც თავისი კვალი დატოვა კვიპროსულ ფეხბურთელში. ამის შემდეგ კვიპროსული გუნდები და ფანები ქართველ ფეხბურთელებს უფრო პოზიტიურად უყურებენ. კვიპროსის ჩემპიონატი როგორც ჩანს საკმაოდ კარგი დონისაა, ბოლო მატჩის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ. ვფიქრობ, კიდევ უფრო უკეთესი ფეხბურთელების მოზიდვა შეუძლია. დიდი მადლობა შესაძლებლობის მოცემისთვის, რათა ამეხსნა ზუსტად რა მოხდა და ჩემს თანამემამულე ფეხბურთელებს ვუსურვებ კვიპროსის ჩემპიონატში მაქსიმუმისთვის მიეღწიოთ.

0.122289