ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი ლამონტ მარსელ ჯეკობსი ამბობს, რომ ახალ სეზონში, მძლეოსანთა რამდენიმე ტურნირზე, 200 მეტრზე სპრინტშიც იასპარეზებს.
ჯეკობსმა ტოკიოში, 100 მეტრზე სპრინტში და 4x100 მეტრზე ესტაფეტაში ოქროს მედლები მოიპოვა, მაგრამ მას შემდეგ, არცერთ შეჯიბრში აღარ გამოსულა. ახალ სეზონში, ის პირველად თებერვალში, ბერლინის ტურნირზე ასპარეზობას გეგმავს.
„ამ სეზონში რამდენიმე შეჯიბრზე, 200 მეტრზე ვცდი ძალებს. მაგრამ ერთია, სცადო საკუთარი შესაძლებლობები და მეორე - ოლიმპიადაზე ორ დისტანციაზე და მერე ესტაფეტაზე ირბინო“, - „ლა სტამპასთან“ საუბრისას განაცხადა ჯეკობსმა. თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ პარიზში ორივე სპრინტერულ დისტანციაზე ირბენს.
ჯეკობსი დასძენს, რომ ახალი სეზონისთვის ვარჯიში კარგად მიმდინარეობს და ახლა იმაზე დარდობს, რომ დეკემბერშივე კარგ ფორმაში იმყოფება. შობის დღესასწაულის შემდეგ, ის ტენერიფეში (ესპანეთი) გაემგზავრება, სადაც პარტნიორ სპრინტერს აარჩევს და ვარჯიშს მასთან ერთად გააგრძელებს.
27 წლის ჯეკობსი ასევე ამბობს, რომ მომავალ წელს ტავის მეგობარ გოგონაზე, მოდელ ნიკოლ დაზაზე დაქორწინებას გეგმავს და შესაძლოა, მასთან ერთად, სატელევიზიო რელიტი შოუში მიიღოს მონაწილეობა.