ავსტრალიის ღია პირველობის ხუთგზის ფინალისტმა, ბრიტანელმა ენდი მარიმ ტურნირის ორგანიზატორებისგან უაილდ ქარდით მიწვევა მიიღო. 2019 წლის შემდეგ, ის ძირითად ბადეში პირველად მოხვდა. მას შემდეგ, მარიმ ტრავმირებულ თეძოზე მეორე ოპერაცია გაიკეთა და სპორტში დაბრუნება შეძლო, თუმცა ფორმაში შესვლას ვერ ახერხებს.
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ავსტრალიის ღიაზე უაილდ ქარდი გასულ სეზონშიც მიიღო, მაგრამ მაშინ კოვიდ-19-ით დაავადდა და ტურნირზე გამგზავრება ვერ შეძლო.
„ენდი თავისი ბრძოლის სულისკვეთებით არის ცნობილი. მას უყვარს ჩოგბურთი და მოხარული ვართ, რომ მელბურნში თამაშის საშუალება ექნება“, - ამბობს ავსტრალიის ღია პირველობის დირექტორიკრეიგ ტილი.
მარი ამჟამად რეიტინგში 134-ე ადგილზეა, რის გამოც, ძირითად ბადეში მისი მოხვედრა შეუძლებელი იყო. ბოლოს მან სტოკჰოლმის ტურნრზე ითამაშა, სადაც იტალიელი იანიკ სინერის დამარცხების შემდეგ, მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მანვე აშშ-ის ღია პირველობის პირველ წრეში, სტეფანოს ციციპასს ხუთსეტიანი ბრძოლა გაუმართა.
მარი ახლა 34 წლისაა. მას დიდი სლემის სამი ტიტული აქვს მოპოვებული. მათგან ორს უიმბლდონზე დაეუფლა (2013 და 2016 წელს), ერთს კი - ფლეშინგ მედოუსზე (2012 წელს). სულ კი ATP-ის 46 ტურნირი აქვს მოგებული.
ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება.