სხვა

2:59 | 23.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

შიფრინი ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა

საფრანგეთის კურშეველში ზედიზედ მეორე გიგანტური სლალომი გაიმართა, რომელშიც გამარჯვება შვედმა სარა ექტორმა მოიპოვა. მან ამერიკელ მიკაელა შიფრინს, ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვების საშუალება არ მისცა. ექტორისთვის ეს მსოფლიო თასზე მოგებული მხოლოდ მეორე რბოლაა.

კურშეველის პირველი გიგნტური სლალომის გამარჯვებისთვისაც ამ ორმა მოთხილამურემ იბრძოლა და მაშინ შიფრინმა იოლად მიაღწია უპირატესობას. მაგრამ ამჯერად, პირველი ცდის შემდეგ მას მხოლოდ მესამე საუკეთესო დრო ჰქონდა და ექტორს 0.34 წამით ჩამორჩებოდა. მეორე ცდის შემდეგ, ამერიკელი დაწინაურდა. მაგრამ ექტორმა ამჯერადაც კარგად იასპარეზა და ორი ცდის ჯამში, მეტოქეს 0.35 წამით აჯობა.

„საოცარია,ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო. დიდი ბრძოლა გვქონდა და არ მეგონა, თუ ასე სწრაფი ვიქნებოდი. ძალიან ვამაყობ ამ გამარჯვებით“, - განაცხადა ექტორმა, ვინც მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება 2014 წელს, ავსტრიაში მოიპოვა.

მესამე ადგილი იტალიელმა მარტა ბასინომ დაიკავა, ვინც გამარჯვებულს 0.60 წამით ჩამორჩა. საინტერესოა, რომ ექტორმა კურშეველში ბოლო სამივე რბოლა კვარცხლბეკზე დაასრულა. ამ სამიდან ერთი გასულ სეზონში იყო, ორი კი - გუშინ და დღეს. კურშეველის მეორე რბოლამ, მსოფლიო თასზე კილინგტონის (აშშ) ეტაპი ჩაანაცვლა, რომელიც ძლიერი ქარის გამო არ ჩატარდა.

0.128997