აფრიკის ეროვნებათა თასის 2022 წლის გათამაშება არ გადაიდება. ეს ინფორმაცია კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სამუელ ეტო’ომ გაავრცელა.
ტურნირს სწორედ კამერუნი უმასპინძლებს და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტურნირის გახსნითი მატჩი გეგმისამებრ 9 იანვარს გაიმართება.
„აფრიკის თასისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. სასიამოვნო იყო აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტის, პატრის მოტსეპეს მასპინძლობა. ამ სტადიონზე გაიმართება პირველი მატჩი კამერუნსა და ბურკინა ფასოს შორის, 9 იანვარს“, - დაწერა ეტო’ომ ტვიტერში.
შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშების გადადებას სექტემბრისთვის ვარაუდობდნენ, რადგან კლუბების უმეტესობა ფეხბურთელების ნაკრებებში გაშვებაზე უარს ამბობენ. თუმცა, ტურნირი არ გადაიდება და 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე ჩატარდება.