ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა, საფრანგეთის სამთო კურორტ კურშეველში გამართულ გიგანტურ სლალომში ყველა მეტოქეს იოლად აჯობა და კარიერაში, მსოფლიო თასის 72-ე რბოლა მოიგო.
26 წლის მოთხილამურე, პირველივე ცდის შემდეგ, ყველასთვის მიუწვდომელი იყო და არც მეორეზე გასჭირვებია მოწინავე პოზიციის შენარჩუნება. ამ სეზონში მან უკვე მესამე რბოლა მოიგო, რომელთაგან ორ გამარჯვებას გიგანტურ სლალომში მიაღწია.
ორი ცდს ჯამში მისი დრო იყო ორი წუთი და 15.35 წამი და მან 0.86 წამით აჯობა შვედ სარა ექტორს. მესამეზე შვეიცარიელი მიშელ ჟისენი გავიდა, ვინც გამარჯვებულს 1.08 წამით ჩამორჩა.
შიფრინს კურშეველში მოგებით, მსოფლიო თასის აბსოლუტურ ჩათვლაში 670 ქულა დაუგროვდა და მან ლიდერობა დაიბრუნა. 35 ქულით ნაკლები აქვს იტალიელ სოფია გოჯას.
„წინა კვირების შემდეგ, საკმაოდ რთული დღე იყო. კალენდარი ძალიან გადატვირთულია. ძალა გამოლეული მაქვს. ძალიან რთული, მაგრამ იმავდროულად, ძალიან კარგი დღე მქონდა“, - განაცხადა შიფრინმა.
კორონავირუსით ინფიცირების გამო, რბოლაში მონაწილეობა ვერ მიიღეს გიგანტურ სლალომში მსოფლიო ჩემპიონმა, შვეიცარიელმა ლარა გუტ-ბერამიმ, ავსტრიელმა კატარინა ლინსბერგერმა და ახალზელანდიელმა ელის რობინსონმა.
გიგანტური სლალომის მორიგი რბოლა კურშეველშივე, ოთხშაბათს ჩატარდება.