უნგრული „ფერენცვაროშის“ მთავარ მწვრთნელად რუსეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი სტანისლავ ჩერჩესოვი დაინიშნა. ინფორმაცია უნგრული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
„ფერენცვაროშში“ ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს - გიორგი ხარაიშვილი და ლაშა დვალი. შესაბამისად, ახლა მათ ჩერჩესოვის ხელმძღვანელობით თამაში მოუწევთ.
„მკაცრი და ამბიციური მწვრთნელი ვარ. ჩემთვის ნიჭი შრომის გარეშე არაფერს ნიშნავს და შრომას ბევრად უფრო ვაფასებ. მინდა ვიყო ჩემპიონ გუნდთან ერთად და ვაჩვენოთ თამაში, რომელიც სტადიონზე უფრო მეტ გულშემატკივარს მოიზიდავს“, - თქვა რუსმა სპეციალისტმა.
ჩერჩესოვმა ავსტრიელი პეტერ შტოგერი შეცვალა, რომელიც ქართველებს დიდად არ სწყალობდა. დვალმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა, ხარაიშვილი კი ტრავმირებულია და ამ სეზონში არ უთამაშია. „ფერენცვაროში“ უნგრეთის ჩემპიონატში ლიდერია და უახლოეს მდევარ „კიშვარდას“ 1 ქულით უსწრებს. უნგრულ კლუბს პეტერ შტოგერამდე სერგეი რებროვი ავარჯიშებდა, რომელმაც გუნდი ზაფხულში დატოვა და ახლა „ალ-აინს“ ავარჯიშებს.