რაგბი

19:33 | 20.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

შავი ლომი | ლევან მაისაშვილი - ეს გუნდი ნაკრების სიძლიერეს ემსახურება

‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ‘თელავივ ჰითთან’ დამაჯერებელი გამარჯვებით და ზოგადად გუნდის პროგრესით კმაყოფილია.

ქართულმა ფრენჩაიზმა რაგბი ევროპის სუპერ თასის გადადებულ მატჩში, ფეთაჰ’თიქვაში მეტოქეს 7 ლელო დაუდო და 52:28 დაამარცხა. ‘შავმა ლომმა’ ბონუს-ქულაც აიღო და აღმოსავლეთ კონფერენციას 20 ქულით ლიდერობს. ის ‘ენისეისთან’ გამოტოვებულ შეხვედრას თებერვალში, ან მარტში გამართავს.

ფლეი ოფში ორივე გუნდი გასულია. კრასნოიარსკელები ქართველებს 4 ქულით ჩამორჩებიან და მომავალი თამაშის შედეგზეა დამოკიდებული, ნახევარფინალში ესპანურ ‘იბერიანს’ დავუხვდებით თუ პორტუგალიაში ‘ლუზიტანუშს’ ვეწვევით.

მაისაშვილი მიიჩნევს, რომ მოთამაშეებისთვის ‘თელავივ ჰითთან’ თამაში უფრო დიდი გამოცდილების მომტანია, ვიდრე დანარჩენ მეტოქეებთან:

„არაერთხელ მითქვამს, რომ ‘ჰითი’ მაღალი ხარისხის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და მათ წინააღმდეგ თამაშით მორაგბეები უფრო მეტ გამოცდილებას იღებენ, ვიდრე დანარჩენ შეხვედრებში. ეს გუნდი ნაკრების სიძლიერეს ემსახურება და მნიშვნელოვანია მოთამაშეებმა მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება. ვთვლი, რომ ძალიან ბევრი მათგანისთვის ‘თელავივ ჰითის’ წინააღმდეგ თამაში კარგი შესაძლებლობა იყო“.

მაისაშვილი კმაყოფილი დარჩა თამაშის ხარისხითაც, მით უმეტეს, რომ გუნდმა კაპიტნის, მერაბ შარიქაძის გარეშე ითამაშა:

„მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ და დაგეგმილი ბონუსიც ავიღეთ. მნიშვნელოვანია, რომ წელი მოგებით დავასრულეთ და ფლეი ოფის საგზურიც გავინაღდეთ. დავდეთ როგორც ძალისმიერი, ასევე ღია თამაშიდან საკმაოდ ლამაზი ლელოები. ხაზგასასმელია, რომ ეს გამარჯვება კაპიტნის გარეშე მოვიპოვეთ. მნიშვნელოვანია, რომ გუნდში გვყავდეს რამდენიმე ლიდერი და დამოკიდებული არ ვიყოთ ორ-სამ მოთამაშეზე. მთლიანობაში, აგვისტოდან დღემდე დიდი სამუშაო ჩატარდა, რისთვისაც მადლობა მწვრთნელებს და მოთამაშეებს. წელიწადს კარგ ნოტაზე ვასრულებთ და სამომავლოდ უფრო მრავალფეროვანი გეგმები გვაქვს“.

RUGBY.GE

0.129737