ფეხბურთი

15:39 | 19.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ხუან მატას უფასოდ გადაბირება სურს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ხუან მატა შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს და კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს. 33 წლის გამთამაშებლით „ბლაუგრანა“ სერიოზულ ინტერესს იჩენს.

Daily Star-ის ცნობით, კატალონელებს მატას გადაბირება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდათ, მაგრამ მან ინგლისელთან კონტრაქტის განახლება არჩია. ესპანელს ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ ვინაიდან „მანჩესტერში“ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, გუნდში ზაფხულის შემდეგ აღარ დარჩება.

სწორედ ამიტომ, „ბარსელონას“ უნდა, რომ ზაფხულში მატა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს. ესპანელი ფეხბურთელი „იუნაიტედს“ 2014 წლის ზამთარში „ჩელსიდან“ შეუერთდა. ის მადრიდის „რეალის“ აკადემიის აღზრდილია, სახელი კი „ვალენსიაში“ გაითქვა. მიმდინარე სეზონში მატა მოედანზე მხოლოდ სამჯერ გავიდა და გოლი არ გაუტანია. საინტერესოა, რომ მას პრემიერლიგაში ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია. ხუან მატას ესპანეთის ნაკრებში 2009-2016 წლებში 41 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.

0.11251