დღეს ბელგიის იუპილერ ლიგის მეოცე ტურში „გენტი“ „სენტ-ტრუიდენს“ უმასპინძლებს, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძე არ ითამაშებს.
ქართველი ფეხბურთელი ტრავმირებული არ არის, ყოველშემთხვევაში ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ ჰეინ ვანჰაზებრუკი მას აღარ ენდობა და განაცხადს მიღმა კიდევ ერთხელ დატოვა. ეს უკვე ჩვეულებად იქცა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში გიორგი მხოლოდ ერთხელ იყო განაცხადში, კონფერენს ლიგაზე არაფრის მომცემ მატჩში „ფლორასთან“ და ითამაშა კიდეც, მაგრამ მას მერე მესამე მატჩია განაცხადში ვერ ხვდება.
ფაქტია, რომ ჩაკვეტაძის „გენტში“ ყოფნის დრო ამოწურულია და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდის დატოვება აუცილებლად უნდა სცადოს. მოსალოდნელ ტრანსფერზე დაიწერა კიდეც, მაგრამ დაინტერესებული კლუბების სახელები უცნობია.
მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ის „გენტში“ 2017 წლიდან თამაშობს და კონტრაქტი ბელგიურ კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.