ინგლისური „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის შეჩერების მომხრე არაა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ეს კორონავირუსის პანდემიას არ დაასრულებს და ამიტომაც, სეზონის დროებით შეჩერებაში სარგებელს ვერ ხედავს.
„ჩემპიონატის შეჩერება ალბათ არასწორი იქნება, მაგრამ გრაფიკი უფრო მოქნილი უნდა იყოს. აქამდე ფეხბურთი ტესტების და დისციპლინური ზომების წყალობით უძლებდა, მაგრამ ახლა ყველაფერი გართულდა. პრემიერლიგის შეჩერებიდან დიდ სარგებელს ვერ ვხედავ. პაუზის შემდეგ დავბრუნდებით და ყველაფერი ისევ იგივე იქნება. პრემიერლიგის შეჩერების პირველი მომხრე მე ვიქნები, თუ ამით ვირუსი გაქრება, წავალ და სახლში დაველოდები პანდემიის დასრულებას, მაგრამ ალბათ, ასე არ იქნება. მაშინ, შეჩერებით რაში იქნება სარგებელი? ვიმედოვნებთ, რომ კვირას „ტოტენჰემთან“ თამაშს მოვახერხებთ“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ პრემიერლიგაში 40 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ 1 ქულით ჩამორჩება. ინგლისურ კლუბებში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად ფიქსირდება და ამიტომაც, განიხილავენ, რომ პრემიერლიგა 15 იანვრამდე შეწყდეს.