უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში და ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა!
გარდა მსოფლიოს ჩემპიონობისა, ლაშამ სამი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა - ატაცში, აკვრასა და ორჭიდში!
ატაცში ლაშამ 210, 218 და 225 კგ დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძალოსანმა ამ დისციპლინაში ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა 225 კგ-ით. მან თავისივე შედეგი (223 კგ) გააუმჯობესა, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზე დაძლია.
აკვრაში 28 წლის ქართველმა 247, 257 და 267 კგ დააფიქსირა და ცხადია, როგორც აკვრაში მცირე ოქროს მედალი, ისე ორჭიდში 492 კგ-ით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. აკვრაში ტოკიოს ოლიმპიადაზე დამყარებული მსოფლიო რეკორდი (265 კგ) გააუმჯობესა და ამჯერად, როგორც ვთქვით 267 კგ დაძლია, ხოლო ორჭიდში იმავე ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგი (488 კგ) კიდევ უფრო გააუმჯობესა და ორჭიდშიც ახალი მსოფლიოს რეკორდის მფლობელია - 492 კგ!
ტალახაძემ მეორე ადგილზე გასულ სომეხ ძალოსან ვარაზდათ ლალაინს 35 კგ-ით აჯობა (მან ორჭიდში 457 კგ დააფიქსირა), ბრინჯაოს მედალი კი ასევე სომეხმა სპორტსმენმა, გორ მინასიანმა 448 კგ-ით მოიპოვა.
+109 კგ წონით კატეგორიაში ბაქარ თურმანიძემაც იასპარეზა, რომელიც B ჯგუფში გამოდიოდა. მან ატაცში 171 და 176 კგ-ს გაართვა თავი და მე-6 ადგილი დაიკავა, აკვრაში 210 და 218 კგ დააფიქსირა და ამ შემთხვევაშიც მე-6 ადგილზე გავიდა, ორჭიდში კი 394 კგ-ით საბოლოოდ ასპარეზობა ჯგუფში მეექვსე საფეხურზე დაასრულა.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ 3 მედალი დაისაკუთრა. ლაშა ტალახაძე ოქროს, შოთა მიშველიძე (61 კგ) ვერცხლს, ხოლო რეზი დავითაძე (89 კგ) ბრინჯაოს დაეუფლა.