ხანგრძლივი ტრავმული პაუზის შემდეგ, რაფაელ ნადალი ჩოგბურთს უბრუნდება. ის აბუ დაბიში, „მუბადალას“ საჩვენებელ ტურნირზე, ჩოგბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ესპანელმა ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ ამჯერად მოგებაზე ფიქრსაც არ აპირებს და მისი მთავარი მიზანი ისაა, რომ ავსტრალიის ღია პირველობისთვის კარგად მოემზადოს. ნადალს ოთხი თვე, ტერფის ტრავმის გამო არ უთამაშია. გარდა ამისა, წელის ტრავმაც აწუხებდა.
35 წლის ჩოგბურთელი მის ფავორიტ ტურნირს, საფრანგეთის ღია პირველობას ნახევარფინალში გამოეთიშა, მერე კი, ტრავმის გამო უიმბლდონს, ოლიმპიადას და აშშ-ის ღია პირველობას გამოეთიშა. ბოლოს აგვისტოში, ვაშინგტონის ტურნირზე ითამაშა და იქაც ტკივილები აწუხებდა.
„ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. ასე რომ არ იყოს, აქ არ ვიქნებოდი. ვიცი, რომ დაბრუნება იოლი ვერ იქნება. და ამიტომ, ამ ტურნირზე დიდი მოლოდინები არ მაქვს. ჩემი მთავარი მიზანი ისაა, რომ აქაური შესანიშნავი მაყურებლის წინაშე ვითამაშო და ამით სიამოვნება მივიღო. ეს ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი იყო. იმედი მაქვს, ტერფი აღარ შემაწუხებს“, - განაცხადა ნადალმა.
ესპანელ ჩოგბურთელს დიდი სლემის 20 ტიტული აქვს მოპოვებული. აქედან ერთი მელბურნში, 2009 წელს. გარდა ამისა, ოთხჯერ ფინალში ითამაშა. მას იმედი აქვს, რომ მელბურნში ტურნირის დაწყებამდე, გასახურებლად ერთ ტურნირზე მაინც შეძლებს თამაშს.