მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „რეალთან“ მატჩის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, ახლა ამ ორ გუნდს შორის დიდი სხვაობაა და „რეალის“ თამაში ძალიან მოსწონს.
„პირველ გოლამდე თანაბარი თამაში იყო, ჩვენს კართან სახიფათო მომენტების გარეშე. როდესაც „რეალი“ შეტევაზე გადადიოდა, მათ შეტევებს ვაჩერებდით, მაგრამ ვუშვებდით შეცდომებსაც. „რეალმა“ სამართლიანად და დამსახურებულად მოიგო. რა გვაკლდა? კონდოგბიას ცენტრალურ მცველად მოუწია თამაში, არ უნდა დავივიწყოთ შუა კვირაში პორტუგალიაში თამაში, რომელმაც ჩვენზე გარკვეული კვალი დატოვა.
მადრიდის „რეალი“ ძალიან ძლიერი გუნდია, მათი თამაში ძალიან მომწონს. ანჩელოტი იმისთვის დაბრუნდა, რომ თავისი საქმე კარგად შეესრულებინა და ამას აკეთებს კიდეც. სეზონი გრძელია. უნდა ვაღიაროთ, რომ ახლა ჩვენს შორის დიდი სხვაობაა, მაგრამ მატჩიდან მატჩამდე უნდა ვიფიქროთ და წინსვლისკენ უნდა ვისწრაფოდეთ“, - თქვა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „ატლეტიკომ“ ლა ლიგაში ბოლო ორი მატჩი წააგო და 29 ქულით მეოთხე ადგილზეა.