ფეხბურთი

2:14 | 13.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტა" საჩემპიონო რბოლაშია, "ინტერი" - გალიდერდა

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის შემდეგ ლიდერი შეეცვალა. „მილანის“ წაფორხილებით „ინტერმა“ შესანიშნავად ისარგებლა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

სიმონე ინძაგის გუნდი მაგარ ფორმაშია და ზედიზედ მეორე სკუდეტოსკენ დამაჯერებლად მიიწევს. სიმართლე ითქვას, „ინტერი“ სეზონის მთავარი ფავორიტია, რადგან შემადგენლობის ხარისხით, სიღრმით და თამაშის ხარისხით სხვებზე წინაა. „ნერაძურის“ მე-17 ტურში გასავარდნ ზონაში მყოფმა „კალიარიმ“ წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 4:0. დუბლი შეასრულა ლაუტარო მარტინესმა, თითოჯერ კი ალექსის სანჩესმა და ჰაკან ჩალჰანოღლუმ გაიტანეს. სხვათა შორის, ლაუტარო ჰეთ-თრიქთანაც ახლოს იყო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა. „ინტერმა“ ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო და 40 ქულით ლიდერია. უსწრებს რა, „მილანს“ 1 ქულით. თუმცა, სხვებიც ახლოს არიან - „ატალანტა“ სამ ქულაში და „ნაპოლი“ ოთხ ქულაში.

„ატალანტა“ ბრწყინვალე ფორმაშია და სერია A-ში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. ჯან პიერო გასპერინის გუნდი სტუმრად „ვერონას“ შეხვდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში არაერთი ლიდერი გაამწარა და ბერგამოელებსაც უგებდა, მაგრამ „ატალანტამ“ თამაში შეატრიალა. ამრიგად, ლომბარდიელებმა 37 ქულას მოუყარეს თავი, „ნაპოლის“ გადაასწრეს, „ინტერს“ 3 და „მილანს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან. ამრიგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბერგამოს „ატალანტა“ სკუდეტოზე პრეტენზიას აცხადებს და ამის სრული უფლება აქვს, რადგან დიდებულ ფეხბურთს აჩვენებს.

ამასობაში პოზიციებს ტურიდან ტურამდე თმობს „ნაპოლი“, რომელმაც ბოლო ხუთ ტურში მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა და მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა შინ „ემპოლისთან“ წააგო. „ნაპოლი“ ლიდერის პოზიციას 4 ქულით ჩამორჩა, ხოლო „ფიორენტინას“ უკვე მხოლოდ 6 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში კი სტუმრად „მილანს“ ეთამაშება. უნდა ვთქვათ „ემპოლის“ შესახებ, რომელმაც მიმდინარე სეზონში სტუმრად „ნაპოლის“ გარდა, „იუვენტუსსაც“ მოუგო! ტოსკანელები სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე არიან და „იუვეს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან...

მორიგი მატჩი წააგო მაურიციო სარის „ლაციომ“, რომელიც „სასუოლოს“ მატია ძაკანის გოლით მეექვსე წუთიდან ამარცხებდა, მაგრამ მეორე ტაიმში დომენიკო ბერარდიმ და ჯაკომო რასპადორიმ რომაელები უქულოდ დატოვეს. „ლაციო“ 25 ქულით მეცხრე ადგილზეა. მე-17 ტური ორშაბათს, "რომასა" და "სპეციას" მატჩით დასრულდება.

„ინტერი“ – „კალიარი“ 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 ლაუტარო მარტინესი (29), 2:0 სანჩესი (50), 3:0 ჩალჰანოღლუ (66), 4:0 ლაუტარო მარტინესი (68)

„ნაპოლი“ – „ემპოლი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კუტრონე (70)

„სასუოლო“ – „ლაციო“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ძაკანი (6), 1:1 ბერარდი (63), 2:1 რასპადორი (69)

„ვერონა“ – „ატალანტა“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 სიმეონე (22), 1:1 მირანჩუკი (37), 1:2 კუპმეინერსი (62)

„ტორინო“ – „ბოლონია“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 სანაბრია (24), 2:1 სუმარო (69, ა.გ), 2:1 ორსოლინი (79, პენ)

თეგებისერია A
0.144909