რაგბი

10:59 | 12.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "ეს გუნდი შექმნილია იმისთვის, რომ შანსი ბევრ გამოუცდელ მორაგბეს მივცეთ"

"შავი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა "ენისეისთან" (27:20) ევროპის სუპერთასზე გამარჯვების შემდეგ კომეტარი გააკეთა. როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, გუნდს სტაბილურობა აკლია, მაგრამ შენების პროცესში ჩავარდნებიც ბუნებრივია.

„განვლილი მატჩის შემდეგ ანალიზი გავაკეთეთ, მთელი კვირა ნაყოფიერად ვიმუშავეთ და ვფიქრობ, ეს პირველ ტაიმში და მეორე ტაიმის პირველ ნახევარში კარგად გამოჩნდა. მეტოქეს ყველა ასპექტში ვჯობდით, თუმცა დასკვნით წუთებში ცუდად ვითამაშეთ სტატიკურ ფაზებში და წავაგეთ ძალიან ბევრი დერეფანი.

ეს გუნდი შექმნილია იმისთვის, რომ ბევრ გამოუცდელ მორაგბეს მივცეთ შანსი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსაგებად არ გავდივართ მოედანზე. ეს იქნება გაკვეთილი იმ მორაგბეებისთვის, ვისაც მსგავს წნეხში აქამდე არ უთამაშია. მათ ნახეს, რომ მეტია გასაკეთებელი და მეტი შრომაა საჭირო. ბონუსით უნდა მოგვეგო, მაგრამ ბოლო წუთებში სანერვიულო გაგვიხდა.

გვაკლია სტაბილურობა, თანმიმდევრულობა, გადაწყვეტილებების სწორად მიღება, თუმცა, გუნდის შენებას დრო სჭირდება. ჩვენი მიზანია გვყავდეს მეტი საერთაშორისო გამოცდილების მქონე მორაგბე და შენების პროცესში ჩავარდნებიც იქნება. ნოემბერში მოთამაშეები 4 კვირის განმავლობაში გაშვებული გვყავდა და ამანაც იმოქმედა თამაშის ხარისხზე. ჩვენ ვხედავთ პრობლემას და მასზე გამუდმებით ვმუშაობთ. მიუხედავად ყველაფრისა დღეს გავიმარჯვეთ და 4 ქულა ავიღეთ. მომდევნო თამაში ისრაელში, ‘თელავივ ჰითთან’ გვაქვს და თუ დაგეგმილი ოთხი ქულა იქაც ავიღეთ, ჩავთვლი, რომ პირველი ეტაპი დამაკმაყოფილებლად გავიარეთ", - თქვა მაისაშვილმა.

"შავი ლომის" კაპიტანი მერაბ შარიქაძე დარწმუნებულია, რომ არა სტატიკურ ფაზებში დაშვებული შეცდომები, სხვაობა ბევრად დიდი იქნებოდა:

"ვთვლი, რომ მოედანზე ყველა გადწყვეტილება პრაგმატულად მივიღეთ. თამაში კარგად მიგვყავდა და რომ არა სტატიკურ ფაზებში დაშვებული შეცდომები, დარწმუნებული ვარ ამ თამაშს უფრო დიდი სხვაობით და ბონუსით მოვიგებდით", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფს "შავი ლომი" 15 ქულით (3 მოგება, 1 წაგება) სათავეში ჩაუდგა და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, ხოლო „ენისეი“ და "თელ-ავივ ჰითი" 12-12 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. „შავ ლომს“ მომდევნო მატჩი სწორეს ისრაელის გუნდთან ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126596