სერ ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ 27 წლის განმავლობაში უხელმძღვანელა და უამრავ დიდ ფეხბურთელთან იმუშავა. ლეგენდარულმა შოტლანდიელმა „იუნაიტედში“ გატარებული პერიოდიდან ერთადერთი ფეხბურთელი გამოარჩია, რომელიც მისი თქმით, ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში ეყოლებოდა, ეს ფიზიკურად შესაძლებელი რომ ყოფილიყო - სერ ალექსისთვის შეუცვლელი მხოლოდ დენის ირვინი გახლდათ.
„გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩემს გუნდში ის ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც შეუცვლელად მიმაჩნდა და ყოველთვის ძირითადში მეყოლებოდა. „ჰაიბერიზე“ „არსენალთან“ მატჩში ბოლო წუთზე არაზუსტი პასი გააკეთა, ბერგკამპმა ბურთი მოიპოვა და გოლი გაიტანა. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იყო თუ არა ამით იმედგაცრუებული. მან უპასუხა: „ყოველ 10 წელიწადში ერთხელ შეცდომის დაშვება, ცუდი საშუალო მაჩვენებელი არ არის“. დენისი წარმოუდგენელი ფეხბურთელი იყო.
არ მინდა კრიტიკა ან უპატივცემულობა გამოვამჟღავნო არცერთი ფეხბურთელის მიმართ, რომლებიც „მანჩესტერში“ მყავდა, მაგრამ მხოლოდ ოთხი მათგანი იმსახურებს მსოფლიო დონის ფეხბურთელის იარლიყს - კანტონა, გიგზი, სქოულზი და რონალდუ. ამ ოთხიდან კი, კრიშტიანუ ლამაზი ნაძვის ხის კენწეროა“, - თქვა ფერგიუსონმა.
შეგახსენებთ, ირლანდიელი მარცხენა მცველი დენის ირვინი „მანჩესტერში“ 1990-2002 წლებში თამაშობდა და 529 მატჩში 33 გოლის გატანა მოახერხა.