რაგბი

17:33 | 10.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სუპერ თასი | ‘ენისეის’ ლიდერები შეუტევენ

რაგბი ევროპის სუპერ თასის მეექვსე ტურში, ‘შავ ლომს’ ტრავმირებული ლიდერები უბრუნდებიან. ჩვენი გუნდი 11 დეკემბერს „ავჭალაზე“, კრასნოიარსკის ‘ენისეი-სტმ’-ს 17 საათზე დაუხვდება. სამ-სამი თამაშის შემდეგ (ორივე გუნდს ორ-ორი გადადებული შეხვედრა აქვს) მათ 11-11 ქულა აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. შესაბამისად, წყვილში გამარჯვებული ერთპიროვნულად გალიდერდება და ნახევარფინალისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

განვლილი შეხვედრის შემდეგ, ‘შავი ლომის’ სასტარტო შემადგენლობაში 5 ცვლილებაა. ცენტრში ბრუნდება გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და ის დემე თაფლაძეს შეუწყვილდება. ერთ ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა სანდრო თოდუამ, მეორე ფრთაზე კი აკა ტაბუცაძე ბრუნდება. უცვლელია ღერძი – თენგიზ პერანიძე და გიორგი ბაბუნაშვილი, ხოლო ფულბეკი კვლავ ლაშა ხმალაძეა.

შერკინების პირველ ხაზში ბრუნდებიან კვაჭი შალვა მამუკაშვილი და მარჯვენა ბურჯი ნიკოლოზ პატარაია, მარცხენა ბურჯი კი ნიკა ხატიაშვილია. უცვლელია მეორე ხაზი – ნოდარ ჭეიშვილი და ლაშა ჯაიანი. მესამე ხაზში ბრუნდება ნიკო აფციაური, ხოლო სანდრო მამამთავრიშვილმა და ლუკა ივანიშვილმა ძირითადში ადგილი შეინარჩუნეს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მიიჩნევს, რომ ლიდერების დაბრუნება თამაშის ხარისხზეც აისახება:

„ამ მორაგბეებმა წინა თამაში ტრავმებისა და მცირე პრობლემების გამო გამოტოვეს. ისინი ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენენ, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ გუნდი ახალი შეკრებილია და ლიდერად ჩამოყალიბებას დრო ჭირდება. ამ კუთხით შარიქაძე და მამუკაშვილი აშკარა ლიდერები არიან, მნიშვნელოვანი ძალაა ტაბუცაძე და აფციაური, ასევე პატარაია. სასიამოვნოა, რომ ისინი გვიბრუნდებიან და ამით თამაშის ხარისხიც უკეთესი იქნება“.

„განვლილ შეხვედრაში ძალიან ბევრი სალელოვე შანსი ვერ გამოვიყენეთ. გარდა ამისა, მეტოქის ნახევარზე ფეხით არ გადავდიოდით და ამან პრობლემები შეგვიქმნა. ლიდერები არიან ერთგვარი ხიდი, მწვრთნელსა და მოთამაშეებს შორის. მათ იციან კრიტიკულ მომენტებში რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ და მიმაჩნია, რომ ამ მორაგბეების დაბრუნება ჩვენს თამაშში დიდ ცვლილებებს შეიტანს“.

რაგბი ევროპის სუპერ თასი | აღმოსავლეთ კონფერენცია

VI ტური. 11 დეკემბერი. თბილისი. ავჭალა. 17:00 საათი

შავი ლომი (საქართველო) ენისეი-სტმ (რუსეთი)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკოლოზ პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ნიკოლოზ აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია; 21. ლუკა მატკავა, 22. გურამ ქანდაურაშვილი, 23 მირიან მოდებაძე.

RUGBY.GE

თეგებიშავი ლომი
0.117755