ფეხბურთი

22:43 | 6.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "14 დღეში 5 თამაში გვაქვს და ამიტომ შემადგენლობაში როტაცია იქნება"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „მილანთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა შემადგენლობაში გარკვეული რაოდენობის ცვლილებები დააანონსა, მაგრამ ისიც თქვა, რომ მოედანზე სიტუაციიდან გამომდინარე საუკეთესო შემადგენლობას გაიყვანს.

„შემადგენლობაში ცვლილებები საჭიროა და ამას გავაკეთებ, ექიმები მომკლავენ, თუ იგივე შემადგენლობით ვითამაშებ, როგორც წინა თამაშში ვითამაშეთ. ასე რომ, რაღაცას შევცვლით, თუმცა, ყველა არ შეიცვლება, რადგან შეუძლებელია მოედანზე 9 ფეხბურთელით გავიდეთ. სალაჰი? შემადგენლობას ვერ დავასახელებ, რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს ვერ შევცვლი, ვნახოთ, ითამაშებს თუ არა, მო, მაგრამ ბიჭებისთვის სიტუაცია გასაგებია. ვეცდებით, მოედანზე არსებულ მომენტში საუკეთესო შემადგენლობა გავიდეს. 14 დღეში 5 მატჩი ჩავატარეთ და „მილანის“ შემდეგაც ასეთი კალენდარი გვაქვს, ამიტომ, ცვლილებები იქნება.

ორიგი? ის, რომ ძირითადში ყოველთვის ვერ ხვდება, არ ნიშნავს, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელი არაა. ცხოვრებაში გაცილებით უარესი რაღაცები არსებობს, ვიდრე „ლივერპულის“ ძირითადი შემადგენლობის წევრი არ იყო. დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, ვიცით ჩვენი როლები, ბიჭებს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ერთმანეთთან. მათი საქმეა ვარჯიში, ჩემი - გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც რთულია, მაგრამ მიღებული უნდა იქნას. გრძელვადიან პერსპექტივაში შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ, ბევრი შესანიშნავი ბიჭი გვყავს, ტაილერ მორტონი ერთ-ერთი მათგანია და ზოგსაც იტალიაში წავიყვანთ“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ ჯგუფში 15 ქულა აქვს და პირველი ადგილი უკვე გაინაღდა. „მილანი“ კი „პორტუსთან“ და „ატლეტიკოსთან“ ერთად მეორე პოზიციაზე გასასვლელად იბრძვის.

0.118654