ფეხბურთი

13:50 | 6.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "კარიერის დასრულების ცოტა მეშინია და სანამ ადრენალინი მექნება ვითამაშებ"

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. 40 წლის ფეხბურთელის განცხადებით, კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს, მიზნები კიდევ აქვს დასახული და სანამ ადრენალინი ექნება, ფეხბურთს ითამაშებს.

ზლატანი იმედოვნებს, რომ „მილანი“ მასთან ხელშეკრულებას გააგრძელებს, რადგან სურს კარიერის ბოლომდე ლომბარდიელთა რიგებში დარჩეს და სკუდეტო მოიგოს.

„ყოველ დილით ტკივილს ვგრძნობ, მაგრამ ჩემს გონებაში ჩემი მიზნები მაქვს. ჩემთვის ეს ტკივილები საუზმეს ჰგავს და ეს მაძლევს ენერგიას, რომ არ უნდა დავნებდე. ადრენალინი არის ის, რისი წყალობითაც ამ დონეზე ყოფნას ვახერხებ და ადრენალინის გარეშე არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ, ეს ყველაფრის გასაღებია. ბავშვობიდან ძალიან აქტიური ვიყავი, ჩემი მშობლები ცდილობდნენ ჩემს გაკონტროლებას, მაგრამ ვერ შეძლეს.

რაიოლა? მინო ჩემთვის ყველაფერია - აგენტი, მეგობარი, მამა, უფრო მეტი, ვიდრე ოჯახის წევრი. კარიერის დასაწყისში ძალიან დამეხმარა.

სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი მატჩი გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ კარგ ადრენალინს მივიღებთ და გამარჯვებაც ვეცდებით. ცრურწმენა? მე მასზე ძლიერი ვარ და ცრურწმენის არ მჯერა. ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და საკუთარი თავის გვჯეროდეს.

მოურინიო შესანიშნავი მწვრთნელი და დიდი მეგობარია. ჩვენ ერთად მოვიგეთ ტიტულები, მან გამზარდა, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. კარლო ანჩელოტიც დიდებული პერსონაა. როდესაც პსჟ დავტოვე, დავურეკე და ვკითხე: „როგორ ხარ მისტერ?“ მან მიპასუხა: „მისტერს ნუ მეძახი, მე შენი მეგობარი ვარ“.

„მილანთან“ კონტრაქტი მეწერება? არა, ჩემი კონტრაქტი არასდროს იწურება. მინდა ვითამაშო რაც შეიძლება დიდხანს და სანამ ადრენალინი მექნება ვითამაშებ. „მილანზე“ ზეწოლას ვახორციელებ კონტრაქტის განახლებაზე და იმედი მაქვს, რომ „როსონერიში“ კარიერის ბოლომდე დავრჩები. კიდევ მაქვს მიზნები მისაღწევი და მინდა კიდევ ერთი სკუდეტო მოვიგო. არ ვიცი, რა იქნება ფეხბურთის შემდეგ და ამიტომ, კარიერის დასრულების ცოტა მეშინია. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ მინდა თამაში გავაგრძელო“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა ტელეკომპანია Rai 3-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ზლატან იბრაჰიმოვიჩს 12 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს საკუთარ ანგარიშზე. „მილანთან“ კონტრაქტი მას 2022 წლის 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით, უცნობია როდის გააფორმებს ახალ კონტრაქტს, რისი სურვილი იბრამ უკვე არაერთხელ საჯაროდ გამოთქვა.

0.109834