„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ფრანგულ მედიასთან განაცხადა, რომ ეგოისტი ფეხბურთელი არაა, რაც მიმდინარე სეზონში მის მიერ გაკეთებული საგოლე პასების რაოდენობით დასტურდება.
„როდესაც ნეიმართან და მესისთან ერთად თამაშობ, საკუთარ თავს ბოსი რომ უწოდო, დიდი თავხედობა იქნება. ჩვენ არცერთს არ გვაინტერესებს ვინ არის მთავარი. თითოეული ჩვენგანისთვის გამოწვევაა შესაბამისი სიტუაციების შექმნა, რადგან თამაშის შეცვლა შეგვიძლია.
მე საკუთარ თავს ვუთხარი, რომ თუ გინდა იყო განსაკუთრებული ფეხბურთელი, გოლები და საგოლე პასები არ უნდა განასხვავო. ამჟამად ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ასისტენტი ვარ, რაც ადასტურებს, რომ არ ვარ ეგოისტი და არ ვფიქრობ მხოლოდ იმაზე, გოლი როგორ გავიტანო. კიდევ უფრო კარგად თამაში შემიძლია. გვესმის, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ. როცა გუნდში ასეთი სამი შემსრულებელია, ამ ფაქტს გვერდს ვერ აუვლი. თითოეულმა ჩვენგანმა გუნდის წარმატებაში წვლილი უნდა შეიტანოს
ჩემი მომავალი? მარტივი შეკითხვა არ არის. რაც უნდა მოხდეს, დიდ კლუბში ვითამაშებ. ხალხი მეკითხებოდა, ვნერვიულობდი თუ არა, „რეალში“ ჩაშლილ ტრანსფერზე და დიახ, თავიდან ცოტათი. თუმცა, მესამე დივიზიონის კლუბში არ დავრჩენილვარ“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მბაპეს ლიგა 1-ში 16 მატჩში 7 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ხუთ თამაშში 2 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა.