ავტოსპორტი

3:29 | 6.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯედას კორნიშზე ორომტრიალი ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა

ფრაზა „გიჟური რბოლა“ ბოლომდე ვერ ასახავს იმ დრამას და ბრძოლის სიმძაფრეს, რაც დღეს ჯედას უახლეს, ტრეკ კორნიშზე, საუდის არაბეთის დიდი პრიზის რბოლისას, ავტოსპორტის მოყვარულებმა იხილეს. ეს იყო ორი საუკეთესო პილოტის ბრძოლა, რომლითაც ორივემ დაიმსახურა ტიტული. ჯერჯერობით ასეცააა - დარჩენილი ერთი რბოლის წინ, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატს ორი ლიდერი ჰყავს - მაქს ფერსტაპენი და ლუის ჰამილტონი.

ფერსტაპენი თავისი პირველი ტიტულისთვის იბრძვის, ჰამილტონს კი მერვე ტიტულის მოპოვების შანსი აქვს. დღეს გამოჩნდა, რომ ტრიუმფს ორივე იმსახურებს, თუმცა გამოცდილების და ფსიქოლოგიური სიმტკიცის გამო, მცირე უპირატესობა ალბათ მაინც ჰამილტონის მხარესაა. თუმცა აბუ დაბის გადამწყვეტი რბოლის წინ, ორივეს ისევ თანაბარი შანსები ექნება.

სტარტზე „მერსედესებმა“ პირველი ორი პოზიცია შეინარჩუნეს, ფერსტაპენი მათ მიჰყვა. მე-10 წრეზე მიკ შუმახერს ავარია მოუვიდა და ქაუსიც მალე დაიწყო. ჰამილტონმა და ვალტერი ბოტასმა საბურავები შეცვალეს, ფერსტაპენი ტრასაზე დარჩა და ლიდრობა გადაიბარა. მერე კი აღმოჩნდა, რომ შუმახერის შეჯახებამ, დამცავი ზღუდე დააზიანა და რბოლა წითელი დროშებით შეწყდა. ეს კი ფერსტაპენს აწყობდა, რადგან პიტლეინზე დგომისას, დროის დაუკარგავად შეუცვალეს რეზინი და მან ლიდერობა შეინარჩუნა.

18-წუთიანი პაუზის შემდეგ, რბოლა ადგილიდან სტარტით განახლდა. ჰამილტონმა უკეთესი სტარტი აიღო და ლიდერს გადაასწრო. მაგრამ ჰოლანდიელმა კონტრშეტევით დაიბრუნ პოზიცია. ოღონდ, ამისთვის მოსახვევის მოჭრა დასჭირდა, რასაც პოზიციის დაბრუნება უნდა მოჰყოლოდა. ფერსტაპენთან ერტად, ჰამილტონს ესტებან ოკონმაც გადაასწრო.

პარალელურად, უკანა რიგებში შარლ ლეკლერსა და სერხიო პერესს შორის შეჯახება მოხდა. უფრო უკან კი ჯორჯ რასელი და ნიკიტა მაზეპინი დაეჯახნენ. რბოლა ისევ შეწყდა... პიტლეინზე ყოფნისას, „რედ ბულს“ შეატყობინეს, რომ ფერსტაპენი რესტარტზე, რომელიც ისევ ადგილიდან იქნებოდა, ჰამილტონის უკან უნდა დამდგარიყო.

მე-16 წრეზე მეორე რესტარტი შესრულდა. ჰამილტონმა კარგი სტარტი აიღო და ოკონი ჩამოიტოვა, მაგრამ მარცხნიდან ორივეს ფერსტაპენმა გაუარა, რომელმაც მალევე ოკონსაც გაასწრო და ისევ დაწინაურდა. ჰამილტონს და ოკონს შორის კი მცირე შეჯახება მოხდა, მაგრამ ორივემ გზის გაგრძელება შეძლო. იმავე წრის ბოლოს, ჰამილტონმა ოკონს გაასწრო.

ამის შემდეგ, ფერსტაპენმა და ჰამილტონმა უსწრაფესი წრეები რამდენჯერმე გაცვალეს. 23-ე წრეზე იუკი ცუნოდას ავარიის გამო, ტრასაზე უსაფრთხოების ვირტუალური მანქანის რეჟიმი ჩაირთო. მაგრამ ერთ წრეში ის დასრულდა. ოთხი წრის შემდეგ კი მცირე ხნით ის ისევ ჩართეს. 29-ე წრეზე სებასტიან ფეტელსა და კიმი რაიკონენს შორის შეჯახება მოხდა. ტრასაზე ნამსხვრევები მიმოიფანტა, რის გამოც, ისევ უსაფრთხოების ვირტუალური მანქანის რეჟიმი ჩართეს. ოთხი წრის შემდგ ის დასრულდა და ამ დროს, ფერსტაპენი ჰამილტონს 1.6 წამს უგებდა. 36-ე წრეზე ისევ უსაფრთხოების რეჟიმი, რომელიც მალევე დასრულდა.

37-ე წრეზე ჰამილტონმა ფერსტაპენს სლიპ სტრიმით შეუტია და დაწინაურდა, მაგრამ ჰოლანდიელმა შიდა რადიუსით, გვიანი მუხრუჭით შეძლო გვარდში ამოდგომა. მერე კი მეტოქეს გზა გადაუჭრა და თავად ისევ მომდევნო მოსახვევი მოჭრა, რითაც პოზიცია მოიგო. ჰამილტონმა კი შეჯახებას ძლივს აარიდა თავი. ამ შემთხვევაშიც, მას პოზიციის დათმობა უწევდა, რის შესახებაც, გუნდმა ამცნო.

ჰოლანდიელმა დაუყოვნებლივ, მკვეთრად შეანელა სვლა, რასაც ბრიტანელი არ ელოდა და ძლივს აარიდა თავისი მანქანა „რედ ბულს“. თუმცა მცირე შეჯახება მაინც მოხდა, რამაც „მერსედესს“ წინა ფრთის მარჯვენა ვერტიკალური ფირფიტა დაუმტვრია. მალე გაირკვა მომხდარის მიზეზი - „მერსედესმა“ ჰამილტონისთვის იმის შეტყობინება დააგვინა, რომ ფერსტაპენს მისთვის გზის დათმობა მოსთხოვეს.

42-ე წრეზე, ფერსტაპენმა ჰამილტონს პოზიცია დაუთმო. მაგრამ ეს ისე გააკეთა, რომ მოსახვევამდე შეუტია და წამებში დაიბრუნა ლიდერობა. მომდევნო წრეზე ჰამილტონმა თავისას მაინც მიაღწია და ამჯერად, წინააღმდეგობა არ შეხვედრია. სტიუარდებმა ფერსტაპენი 5 წამით დააჯარიმეს იმის გამო, რომ მან ტრასის მიღმა კიდევ ერთხელ მოიგო პოზიცია.

შეასრულა გასწრება. თითქოს, „რედ ბულის“ პილოტი ერთი დარღვევისთვის ორჯერ დაისაჯა. თუმცა რეალურად პოზიციის დათმობა, მისი ვალდებულება იყო და ამისთვის მითითებაც არ უნდა დასჭირვებოდა. 5-წამიანი ჯარიმა კი წესის დარღვევისთვის დაიმსახურა.

უფრო მეტიც, სტიუარდებმა გამოაცხადეს, რომ ფერსტაპენის და ჰამილტონის შეჯახებას რბოლის შემდეგ გამოიკვლევენ.

„რედ ბულს“ ისღა დარჩენოდა, ფერსტაპენისთვის საბურავები გამოეცვალა, რაც მას უსწრაფესი წრის გავლის საშუალებას მისცემდა. მაგრამ ვერც ეს მოხერხდა, რადგან ბოქსში შესვლის შემთხვევაში, ჰოლანდიელს ოკონი და ბოტასი გაასწრებდნენ. ამგვარად, სწრაფი წრის ერთი ქულაც ჰამილტონმა მიიღო, რამაც მას ფერსტაპენთან ქულებში გათანაბრების საშუალება მისცა.

საუდის არაბეთის დიდი პრიზი

ჯედა, კორნიში, დისტანცია 308.450 კმ (6.174 კმ, 50 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 2:06'15.118
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდა, რედ ბული) 11.825
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 27.531
  4. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 27.633
  5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 40.121
  6. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 41.613
  7. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 44.475
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 46.606
  9. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 58.505
  10. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1'01.358
  11. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1'17.212
  12. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1'23.249
  13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1 წრე
  14. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1 წრე
  15. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე

-----

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 6 წრე
  2. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 36 წრე
  3. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 36 წრე
  4. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 36 წრე
  5. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 42 წრე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:30.734 (47-ე წრე, 244.962 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1-2. მაქს ფერსტაოენი და ლუის ჰამილტონი - 369.5 ქულა; 3. ვალტერი ბოტასი - 218; 4. სერხიო პერესი - 190; 5. შარლ ლეკლერი - 158; 6. ლანდო ნორისი - 154; 7. კარლოს საინსი - 149.5; 8. დანიელ რიკარდო - 115; 9. პიერ გასლი - 100; 10. ფერნანდო ალონსო - 77; 11. ესტებან ოკონი - 72; 12. სებასტიან ფეტელი - 43; 13. ლანს სტროლი - 34; 14. იუკი ცუნოდა - 20; 15. ჯორჯ რასელი - 16; 16. კიმი რაიკონენი - 10; 17. ნიკოლას ლატიფი - 7; 18. ანტონიო ჯოვინაცი - 3; 19-21. მიკ შუმახერი, რობერტ კუბიცა (პოლონეთი, ალფა რომეო) და ნიკიტა მაზეპინი - 0.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 587.5 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 559.5; 3. ფერარი - 307.5; 4. მაკლარენ-მერსედესი - 269; 5. ალპინ-რენო - 149; 6. ალფატაური-ჰონდა - 120; 7. ასტონ მარტინ-მერსედესი - 77; 8. უილიამს-მერსედესი - 23; 9. ალფა რომეო-ფერარი - 13; 10. ჰაას-ფერარი - 0.

0.174443