რაგბი

12:07 | 5.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაისაშვილი: "მოთამაშეებმა რატომღაც მითითებებს გვერდი აუარეს და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ"

ევროპის სუპერთასზე "შავი ლომი" თბილისში პენზის "ლოკომოტივთან" 16:19 დამარცხდა და მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტი შედეგით უკმაყოფილი დარჩა და ყურადღება ინდივიდუალურ შეცდომებზე გაამახვილა.

"რა თქმა უნდა შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ. ძალიან ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა. რამდენჯერმე გვქონდა მატჩის გარდატეხის შესაძლებლობა, მაგრამ თამაშის მართვა იყო ცუდი, მოუთმენლად ვუტევდით და ეს ინდივიდუალურ შეცდომებში გადადიოდა. მოწინააღმდეგეს ქულების აღების ჩვენზე გაცილებით ნაკლები შანსი ჰქონდა, მაგრამ თითქმის ყველა მათგანის რეალიზება მოახერხა.

ჩვენი გეგმა იყო, რომ თუ ორი-სამი ფაზის შემდეგ წინსვლა არ გვექნებოდა, მეტოქის ნახევარზე ფეხით გადავსულიყავით და იქ გვეთამაშა, თუმცა, განსაკუთრებით მეორე ნახევარში მოთამაშეებმა რატომღაც მითითებებს გვერდი აუარეს და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. რამდენჯერმე შევძელით უპირატესობის ხაზის გადაკვეთა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ და მთლიანობაში, ყველა შემთხვევაში ვცდილობდით პირველი ხელიდან თამაშს, რაც ჩვენს გეგმაში არ იყო.

ეს არ იყო მეტოქის დაუფასებლობა, თუმცა არის ერთი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა ჩვენს თამაშზე იმოქმედა. მოთამაშეთა ნაწილი ნაკრების შეკრებაზე იყო, ნაწილი დიდი 10-ის კლუბებში და 4 კვირის შემდეგ პირველად შევიკრიბეთ. მთელი რიგი მიზეზების გამო გვაკლდნენ ლიდერები და მათ შემცვლელებს მეტოქის დაუფასებლობა არ ექნებოდათ, მით უმეტეს, რომ არც პენზაში გვქონდა იოლი შეხვედრა. მთლიანობაში, ‘შავი ლომის’ მიზანი სწორედ ისაა, რომ ახალგაზრდა, პერსპექტიულ მორაგბეებს მიეცეთ საერთაშორისო თამაშების ჩატარების შანსი და ჩავატაროთ ექსპერიმენტები. ახლა გვექნება ანალიზი, ვნახავთ სად დავუშვით შეცდომები და მოვემზადებით მომდევნო შეხვედრისთვის", - თქვა მაისაშვილმა.

შედეგით უკმაყოფილო იყო გუნდის კაპიტანი ლაშა ხმალაძე:

„ჩვენს ნახევარზე ძალიან დიდი დრო დავყავით და შეტევაში ბევრჯერ დავჯარიმდით. მიუხედავად ამისა, მეტოქის დაცვის ხაზი ბევრჯერ გავარღვიეთ და ლელოს გატანის არაერთი შანსი გვქონდა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რაც საბოლოოდ დაფიქსირდა. თავიდან შევძელით ინიციატივის დაუფლება, თუმცა მერე მოვდუნდით, თითქოს დინებას მივყევით და მოწინააღმდეგემ ჩვენი შეცდომებით კარგად ისარგებლა".

‘შავ ლომს’ 3 თამაშის შემდეგ 11 საცხრილო ქულა აქვს და ‘ენისეის’ გაუტოლდა, რომელსაც 11 დეკემბერს, 17 საათზე „ავჭალაზე“ უმასპინძლებს.

0.114117