მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ, გასული სეზონის საუკეთესო მძლეოსნებად იამაიკელი ელეინ თომპსონ-ერა და ნორვეგიელი კარსტენ ვარჰოლმი დაასახელა. ორივემ ტოკიოს ოლიმპიადაზეც გაიმარჯვა და მის შემდეგაც, არაერთ წარმატებას მიღწია.
თომპსონ-ერა პირველი ქალი მძლეოსანია, ვინც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო სპრინტის დუბლის შესრულება. მან ჯერ 100 და 200 მეტრზე სპრინტში მოიპოვა ოქროს მედლები, შემდეგ კი იამაიკის ნაკრებთან ერთად, 4x100 ესტაფეტაც მოიგო.
უფრო მეტიც, ორივე სპრინტერულ დისტანციაზე, მან ყველა დროის მეორე საუკეთესო დროები დააფიქსირა - 100 მეტრზე 10.61 წამი და 200 მეტრზე 21.53 წამი.
ოლიმპიადის შემდეგ, აშშ-ის იუჯინში ასპარეზობისას, მან 100 მეტრზე საკუთარი საუკეთესო შედეგი გააუმჯობესა - დისტანცია 10.54 წამში გაირბინა და კიდევ უფრო მიუახლოვდა მსოფლიო რეკორდს (10.49), რომელიც ლეგენდარულ ამერიკელ ფლორენს გრიფიტ-ჯოინერს 1988 წელს აქვს დამყარებული.
29 წლის თომპსონ-ერა ოლიმპიადას საუკეთესო ფორმაში შეხვდა და საუკეთესო დროების დაფიქსირებაში, მას ხელი ახალი ტექნოლოგიებით დამზადებულმა სპორტულმა ფეხსაცმელმაც შეუწყო.
„ამ შედეგებს წლიდან წლამდე ვუახლოვდებოდი და ვფიქრობ, მეტიც შემიძლია. მსოფლიო რეკორდთან ძალიან ახლოს ვიყავი. ჯერ კარიერის დასრულებას არ ვაპირებ და ყველაფერი შესაძლებელია. ორეგონი (სადაც მომავალ სეზონში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება) ჩემს სახლთან ახლოსაა და იმედი მაქვს, რომ იქ ქომაგი მეყოლება. ეს ჩემს შედეგებზე კარგად იმოქმედებს“, - განაცხადა იამაიკელმა.
ვარჰოლმი მხოლოდ ერთ დისტანციაზეა სპეციალიზებული. ესაა 400 მეტრზე თარჯრბენი. მან ტოკიოში ოლიმპიური ოქროც მოიპოვა და ორჯერ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. პირველად რეკორდი სეზონსის დასაწყისში, ოსლოში ასპარეზბისას დაამყარა - დისტანცია 46.70 წამში გაირბინა და 0.08 წამი მოაკლო ამერიკელი კევინ იანგის მიერ 1992 წელს დამყარებულ რეკორდს.
ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში კი ეს რეკორდი ერთდროულად ორმა მორბენალმა გააუმჯობესა. ვარჰოლმმა ახალი რეკორდი - 45.94 წამი დააფიქსირა, მეორეზე კი ამერიკელი რეი ბენჯამინი (46.17 წამი) გავიდა. ვარჰოლმის წინა რეკორდამდე სულ 0.02 წამი დააკლდა მესამეზე გასულ ბრაზილიელ ალისონ დოშ სანტუშს.