„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად რალფ რანგნიკი ოფიციალურად დაინიშნა. გერმანელი სპეციალისტი „წითელ ეშმაკებს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაწვრთნის.
რანგნიკი „მანჩესტერში“ დამდეგი ზაფხულის შემდეგად დარჩება და ორი წლით კლუბის სტრუქტურაში დასაქმდება, კერძოდ, კონსულტანტის პოზიციას დაიკავებს. თუმცა, მიმდინარე სეზონს ის, როგორც მთავარი მწვრთნელი ჩაამთავრებს.
"მოხარული ვარ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლით და ორიენტირებული ვარ კლუბისთვის წარმატებული სეზონის ჩატარებაზე. გუნდში არიან ნიჭიერი მოთამაშეები, აქვს ახალგაზრდობისა და გამოცდილების ბალანსი. მთელი ჩემი ძალისხმევა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში იქნება მიმართული იმისთვის, რომ დავეხმარო ამ მოთამაშეებს თავიანთი პოტენციალის გამოვლენაში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, რაც მთავარია, გუნდურად. გარდა ამისა, მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, კონსულტაციის საფუძველზე კლუბს გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში დავეხმარო“, - ციტირებს "მანჩესტერ იუნაიტედის" პრესსამსახური რანგნიკის სიტყვებს.
რანგნკიმა ოლე გუნარ სულშერი შეცვალა, რომელიც „უოტფორდთან“ (1:4) მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს. „იუნაიტედს“ ბოლო ორი შეხვედრაში მაიკლ კერიკმა უხელმძღვანელა და ინგლისელი სავარაუდოდ, რანგნიკის სამწვრთნელო შტაბში დარჩება.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლონდონის „ჩელსისთან“ პრემიერლიგის ბოლო ტურში ფრე ითამაშა (1:1). რანგნიკს „შალკეში“, „ჰოფენჰაიმსა“ და „ლაიფციგში“ უმუშავია, ბოლოს კი მოსკოვის „ლოკომოტივის“ სტრუქტურაში იყო დასაქმებული.