მალე „ფოლკსვაგენის“ ჯგუფი გადაწყვეტს, აპირებს თუ არა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში ჩართვას. ამ თემაზე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება და თითქმის ყველა მათგან გამორიცხავს ვარიანტს, რომლის შესაბამისადაც, გერმანული ჯგუფის რომელიმე კომპანია, ფ1-ში საკუთარი გუნდით მოვა.
ჯერაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, „ფოლკსვაგენი“ ფ1-ში ერთბაშად ორი ბრენდით მოვა. ესენია „აუდი“ და „პორშე“. მათ არსებულ გუნდებთან პარტნრობის განსხვავებული პროექტების შემუშავება დაევალათ.
ამავე ინფორმაციის შესაბამისად, „აუდის“ „მაკლარენის“ წილის შესყიდვა სურს. „პორშე“ კი ორ ვარიანტზე მუშაობს. ერთი მას „რედ ბულთან“ დააკავშირებს, რომლისგანაც სანაცვლოდ, „ჰონდას“ ფ1-ის ძრავების საწარმო სურს, რომელსაც იაპონური კომპანია ხარებს უტოვებს. მეორე ვარიანტია „უილიამსთან“ ერთად, საკუთარი ძრავის შემუშავება. ოღონდ, ამ შემთხვევაში, წარმატების მისაღწევად, გარკვეული დრო იქნება საჭირო.
სხვათა შორის, „უილიამსს“ გერმანელი იოსტ კაპიტო უძღვება, ვინც „ფოლკსვაგენის“ რალის გუნდის ყოფილი დირექტორია და მათი თანამშრომლობა წარმატებული იყო. კაპიტო ამ თემაზე ინფორმაციის გაცემისგან თავს იკავებს, თუმცა საინტერესო მოსაზრებებს გვიზიარებს:
„გერმანიაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, რასაც პროფკავშირებთან ურთიერთობა განაპირობებს. ამიტომ, იქ საქარხნო გუნდის ჩამოყალიბება არცთუ იოლი საქმეა. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ „აუდი“ ლე მანზე კერძო გუნდ „ჯოესტთან“ პარტნიორობით მონაწილეობდა. ასევე იყო „ბეემვეს“ შემთხვევაშიც. გერმანული კომპანიისთვის უფრო მოსახერხებელია, პარტნიორთან იქონიოს საქმე, ვიდრე თავისი, საქარხნო გუნდი ჩამოაყალიბოს“.
„მაგრამ იმავდროულად, რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის „ფოლკსვაგენმა“ საკუთარი გუნდი ჩამოაყალიბა. ეს იმ დროს, როცა „პორშეს“ და „აუდის“ პარტნიორები ჰყავდათ. არ ვიცი, ისინი ამჟამად რას განიხილავენ, თუმცა ვფიქრობ, საკითხის არსი კარგად განვმარტე“, - ამბობს კაპიტო.
ის დასძენს, რომ „ფოლკსვაგენი“ ფორმულა 1-ში მოსვლით ძლიერ დაინტერესებულია: „მთავარი ტექნიკური რეგლამენტი იქნება. ახალი რეგლამენტი კი, რომელიც 2026 წელს უნდა ამოქმედდეს, ჯერ ბოლომდე შემუშავებული არ არის. მათი განწყობა სერიოზული რომ არ ყოფილიყო, ძრავის რეგლამენტთან დაკავშირებულ სხდომებს არ დაესწრებოდნენ. სხვათა შორის, ერთ სხდომას ჯგუფის გენერალური დირექტორიც კი დაესწრო“.