ფეხბურთი

15:52 | 27.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" ბოსები ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილები არიან და პროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარა

ტურინის „იუვენტუსის“ ირგვლივ სკანდალია და კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი, ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი და ყოფილი სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი, რომელიც ახლა „ტოტენჰემში“ მუშაობს, ფულის გათეთრებაში არიან ეჭვმიტანილნი.

ტურინის პროკურატურამ „იუვენტუსის“ სათაო ოფისებში, რომლებიც ტურინსა და მილანში მდებარეობს, გუშინ ჩხრეკა ჩაატარა, რათა ყველა საჭირო საბუთი მოეპოვებინა. საქმე ეხება 2018-2021 წლებში ტრანსფერებით 282 მილიონი ევროს გათეთრებას. კერძოდ, საუბარია კლუბის ფინანსური ანგარიშების მიზანმიმართულ გაყალბებაზე, რათა ხელოვნურად მომხდარიყო კლუბის შემოსავლების გაზრდა.

გამოძიების სამიზნე მთლიანობაში 42 ტრანსფერია, რომელთაგანაც უმეტესობა „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდში ფეხბურთელების ჩარიცხვას უკავშირდება, მაგრამ მთავარი 2020 წელს მირალემ პიანიჩისა და „ბარსელონადან" არტურის ბარტერია. საქმეში ნახსენებია 2019 წელს „მანჩესტერ სიტისთან“ ჟოაო კანსელოსა და დანილოს გაცვლაც.

ჯერჯერობით უცნობია, ყველაფრის დამტკიცების შემთხვევაში რა სანქცია ემუქრება „იუვენტუსს“, თუმცა, იტალიაში მსგავსი სკანდალი პირველი არ არის. 2008 წელს გამოძიება ანალოგიურ საკითხზე „მილანსა“ და „ინტერში“ მიმდინარეობდა, როცა კლუბებს 2003-2004 წლებში ტრანსფერებით ფულის გათეთრებაში ედავებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მილანური კლუბები გამართლდნენ. ხოლო 2018 წელს ვერონა „კიევოს“ მაგალითია, როცა კლუბს ჩემპიონატში 3 ქულა დააკლდეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გაცილებით სერიოზული სანქციები ფიზიკურ პირებს (ანიელის, ნედვედს, პარატიჩის და კიდევ სამ პიროვნებას) ემუქრებათ, გამორიცხული არც პატიმრობის შეფარდებაა.

0.137396