იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა შესაძლოა ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდეს. Daily Mail-ისა და Mediaset-ის ცნობით, ტომას ტუხელს 24 წლის ფეხბურთელი ძალიან მოსწონს და მომდევნო სეზონში უნდა, რომ თავის განკარგულებაში იხილოს.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, „ჩელსი“ მზადაა კიეზას სანაცვლოდ 84 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. აღსანიშნავია, რომ ლონდონელები ინტერესს რამდენიმე თვის წინაც იჩენდნენ, მაგრამ ტურინელებმა ტრანსფერზე მტკიცე უარი განაცხადეს. ახლა კი, როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა და „იუვე“ ამ წინადადებაზე ფიქრობს.
საქმე ისაა, რომ კიეზა მასიმილიანო ალეგრის ტაქტიკურ მონახაზში თავს იდეალურად ვერ გრძნობს და ვერც ისე თამაშობს, როგორც გასულ სეზონში ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით.
აქვე გეტყვით, რომ ფედერიკო კიეზა „იუვენტუსში“ 2020 წლიდან თამაშობს და 58 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.