კალათბურთი

18:03 | 24.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ძალიან რთული მატჩები გველის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საუკეთესო შედეგს ვაჩვენებთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩისთვის, რომელსაც თბილისში უკრაინასთან გამართავს, მზადება დაიწყო.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და კალათბურთელებმა, გიორგი შერმადინმა და ბექა ბურჯანაძემ გააკეთეს.

„გუნდმა დაიწყო მომზადება მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩისთვის. მიხარია და მადლობელი ვარ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფედერაციამ შესანიშნავი სამუშაო გასწია, რომ კალათბურთელები შეეგროვებინა და აქ ჩამოსვლაში დახმარებოდა. მეორეს მხრივ, სამწუხაროდ, რამდენიმე ტრავმირებული გვყავს. გვაკლია ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები, როგორებიც დუდა სანაძე და გიორგი ცინცაძე არიან. ახლა ისინი ვერ დაგვეხმარებიან, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ რეაბილიტაციას მალე გაივლიან და მომავალში დაგვიბრუნდებიან. წინ ძალიან რთული მატჩები გველის, განსაკუთრებით ამ მომენტში, როცა, როგორც ვთქვი, ტრავმირებულები გვყავს და რთულია გუნდურად მუშაობა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ. ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ და მზად ვიყოთ მთლიანი ტურნირისთვის, რადგან შესარჩევი ეტაპი მხოლოდ ამ ორი მატჩისგან არ შედგება. მხოლოდ ეს ფანჯარა არ არის, წინ არის თებერვლის და ზაფხულის ფანჯარა და ორივე მატჩი უნდა მოვიგოთ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვქონდეს. სასიხარულოა, რომ მატჩს მაყურებელი დაესწრება. ისინი დაგვეხმარებიან და ძალიან გვჭირდება მათი გვერდში დგომა. იმედი მაქვს, საუკეთესო შედეგს ვაჩვენებთ“, - თქვა ზუროსმა.

„უკრაინასთან ბოლოს სამწუხაროდ წავაგეთ ევროპის ჩემპიონატზე. ძალიან ძლიერი ნაკრებია, ტანმაღალი მოთამაშეები ჰყავთ. მაქსიმუმს გავაკეთებთ, შენგელიაც შემოგვიერთდება და ვარჯიშებზეც მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ თამაშში გადავიტანოთ ყველაფერი“, - აღნიშნა შერმადინმა.

„ძალიან კარგი შემადგენლობით ჩამოვა უკრაინა. შეიძლება რამდენიმე ძალიან ცნობილი კალათბურთელი არ იყოს, მაგრამ ნამდვილად მაღალი დონის გუნდია და ჩემი აზრით, რთული მატჩი გველოდება“, - თქვა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 26 ნოემბერს, თბილისში უკრაინას შეხვდება და მატჩზე დასწრებას გულშემატკივრებიც შეძლებენ, ხოლო 29 ნოემბერს, ილიას ზუროსის გუნდი სტუმრად ესპანეთის ნაკრების დაუპირისპირდება.

0.187034