საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელი და ბიზნესმენი ილია კოკაია ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ტელეკომპანია „მთავარი“ იტყობინება, უბედური შემთხვევა დედაენის მწვერვალზე მოხდა.
წყაროს თანახმად, კოკაია მწვერვალ დედაენზე დასალაშქრად მეგობარ ლევან მუშკუდიანთან ერთად იმყოფებოდა. „ზესტაფონის“ მფლობელი მისი დალაშქვრის დროს დაცურდა და თავი დაარტყა, რის შედეგადაც მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის 65 წლის იყო...
ილია კოკაიამ საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ 2004 წელს დააარსა და კლუბს წარმატებაც მოუტანა. იმერული გუნდი 2011 და 2012 წლებში ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ერთხელ საქართველოს თასი მოიგო 2008 წელს, ხოლო 2011 და 2012 წლებში საქართველოს სუპერთასსაც დაეუფლა. გარდა ამისა, სისტემატურად ევროთასებზე ასპარეზობდა, მეტ-ნაკლები წარმატებით და სტაბილურად.
ბოლო წლებში „ზესტაფონი“ ქვედა ლიგებში თამაშობდა, ხოლო ბოლოს ეროვნულ ლიგა 4-ში იყო და რამდენიმე დღის წინ ლიგა 3-ში თამაშის უფლებაც ოფიციალურად მოიპოვა.
„მსოფლიო სპორტის“ რედაქცია უსამძიმრებს ილია კოკაიას ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონსა“ და ქართულ საფეხბურთო საზოგადოებას.