ავტოსპორტი

2:41 | 23.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი ბრაზილიის ძრავს საუდეთშიც გამოიყენებს

ბოლო ორი რბოლის მოგებით, ლუის ჰამილტონი ტიტულისთვის ბრძოლაში ისევ დაბრუნდა. ის ახლა უკვე 8 ქულასღა აგებს ლიდერ მაქს ფერსტაპენთან და მესამე გამარჯვების შემთხვევაში, თუ უსწრაფეს წრესაც გაივლის და „რედ ბულის“ პილოტი ისევ მეორე ადგილს დასჯერდება, ბოლო ეტაპის წინ, ისინი ერთმანეთს გაუთანაბრდებიან.

ამჟამად „მერსედესი“ სწორედ იმას ცდილობს, რომ ჰამილტონს საუდის არაბეთის ჯედას უახლეს ტრეკზე გასამარჯვებლად, საუკეთესო მანქანა მოუმზადოს. ასეთი მანქანის მთავარი ინგრედიენტი კი ის ძრავი გახდება, რომელიც ბრიტანელის მანქანაზე ბრაზილიაში იდგა.

ჯედას ტრეკი გრძელი სწორი მონაკვეთებით გამოირჩევა, სადაც სიმძლავრეში უპირატესობა, გადამწყვეტი ფაქტორი გახდება. ამის უზრუნველყოფა კი სწორედ ბრაზილიაში გამოყენებულ ძრავს შეუძლია, რადგან ის ყველაზე მძლავრია იმ აგრეგატებს შორის, რომლებიც ამჟამად ჰამილტონის განკარგულებაშია. ამ ძრავს მხოლოდ ერთ სარბოლო უქმეებზე აქვს ნამუშევარი და ჯერჯერობით რესურსიც გააჩნია იმისთვის, რომ მაქსიმალური სიმძლავრის რეჟიმში იმუშაოს. გარდა ამისა, ამ ძრავს არ მოეთხოვება, რომ ოთხ-ხუთ რბოლას გაუძლოს. სავარაუდდ, მას მხოლოდ ჯედაშიღა გამოიყენებენ.

გუნდის მთავარი ინჟინერი ენდრიუ შოვლინი ამბობს, რომ გუნდი საუდეთის სწრაფ ტრეკზე დიდ იმედებს ამყარებს. ამ იმედს ის გარემოებაც აძლიერებს, რომ ჰამილტონი უფრო მძლავრი ძრავით იასპარეზებს, ვიდრე ყატარში ჰქონდა.

„ამ სეზონში, სიტუაცია ხშირად იცვლება ხოლმე. მაგრამ ვფიქრობ, საუდეთის ტრეკი ჩვენ უფრო შეგვეფერება. ლუისის მანქანა უფრო მძლავრი ძრავით აღიჭურვება“, - ამბობს შოვლინი და მას გუნდს შეფი ტოტო ვოლფიც ეთანხმება:

„ეს ჩვენთვის კარტი ტრეკი უნდა იყოს. მაგრამ ამ სეზონში ხდება ხოლმე, რომ როცა გვგონია, ტრეკი საჩვენოა, პირიქით ხდება. მაგრამ ჯედაში გრძელი სწორი მონაკვეთებია. ამიტომ, ჩვენს მძლავრ ძრავს გამოვიყენებთ. იმედია, ვალტერიც კარგად იასპარეზებს, რადგან ჩვენ ის გვჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ყველა რბოლის დასრულებას შეძლებს, საქმე აბუ დაბიმდე მივა“.

შოვლინი განმარტავს, თუ რატომ არ გამოიყენა „მერსედესმა“ ეს ძრავი ყატარში: „ორი ძრავი გვაქვს, რომლებსაც ვიყენებთ. აქ ლოსაილზე მძლავრი ძრავი გვქონდა, რადგან ტრეკის ხასიათი ამის საშუალებას გვაძლევდა“. ის დასძენს, რომ ამით, უფრო მძლავრი ძრავის რესურსის დაზოგვაც მოხერხდა და მას ჯედაში უფრო თამამად ამუშავებენ მაქსიმალური სიმძლავრის რეჟიმში.

0.117996